ახალი ამბები
,,ევროპის მოედანი" ცენტრალურ ქუჩაზე - თამარ თედლიაშვილის ინიციატივა საკრებულოში დარეგისტრირდა
გორის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, თამარ თედლიაშვილი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილისთვის, ,,ევროპის მოედნის" სახელის მინიჭებას ითხოვს.

ამის შესახებ თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოს წერილობით გასულ პარასკევს მიმართა.

თამარ თედლიაშვილის თქმით, უმჯობესია, მოედნის სახელწოდება ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული, ვიდრე, კონკრეტულ პიროვნებებზე.

ქალაქის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურად, სტალინის გამზრიზე მდებარე მოედანს სახელი მინიჭებული არა აქვს.

თამარ თედლიაშვილის წერილობით ინიციატივაში აღნიშნულია ისიც, რომ ქარხნის ქუჩას ,,ანა სოლოღაშვილის" სახელი მიენიჭოს.

ანა სოლოღაშვილი დამფუძნებელი კრების პირველი ქალი წევრია, რომელსაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე აქვს ხელი მოწერილი.

კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კი, დახვრიტეს.

საკრებულოს წევრის ინიციატივას სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია შეისწავლის, რომლის ხელმძღვანელი პაპუნა კობერიძეა.

დადებითი რეკომენდაციის შემდეგ საკითხი განსახილველად სამთავრობო სახელდების კომისიაში გაიგზავნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები