ახალი ამბები
ჭალაში გუბერნიის მანქანა დააზიანეს
ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში, შიდა ქართლის სამხარეო ადმიისტრაციის მანქანა დააზიანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, გამგეობის ეზოში, უცნობმა პირებმა მანქანა რკინის საგნით ,,დასერეს".

,,დაზიანებულია მარჯვენა მხარე. ჩვენ თანამშრომლებს არ დაუზიანებიათ. არ ვიცით, ვინ გააკეთა" - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

მანქანა ავტოშემკეთებელ სახელოსნოში მიიყვანეს და მარჯვენა მხარე შეაკეთებინეს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაზიანებული მანქანის რემონტი 200 ლარი დაჯდა, ხოლო, საბურავის გამოცვლა 118 ლარი.

პოლიციაში შეტყობინება არაა შესული. შსს-ს ცნობით, აღნიშნული მანქანის საქმეზე მონაცემები ბაზაში არ ფიქსირდება.

მანქანა, რომელზეც საუბარია, ,,შკოდა ოქტავიაა". მისი მძღოლი სითი-პარკის წარმომადგენლებს, თბილისში, არასწორი პარკირებისთვის ორჯერ ჰყავთ დაჯარიმებული.

კიდევ ერთი მანქანის დაზიანება

მანქანის ანალოგიური მეთოდით დაზიანების ფაქტზე, ჯერ კიდევ, 2009 წელს, ერთი პირი დააკავეს.

ეს შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილისა და მისი მოადგილის, (ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ამჟამინდელი მფლობელის ბადრი ნანეტაშვილის) მმართველობის პერიოდში მოხდა. 

ამის გამო, გუბერნატორის ადმინისტრაციამ პოლიციაში იჩივლა და პიროვნება (ვიდეოთვალის ჩანაწერებით ამოიცნეს) დააკავეს.

მოქალაქემ წინასწარი პატიმრობა ციხეში გაატარა და 4 თვის შემდეგ, საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა.

ამის შესახებ დეტალურად ადამიანის უფლებათა ცენტრის  წარმომადგენელი წერდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები