ახალი ამბები
ახალგაზრდებს მეწარმეობის თემაზე დაატრენინგებენ
ქალაქ გორში, ,,ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების განვითარების პროგრამა“ იწყება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გორელ ახალგაზრდებთან 6 ივლისს, 14: 00 საათზე, გორის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.

პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ა(ა)იპ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი“ ახორციელებს.

პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება, რათა მიეცეთ სტარტაპების დაწყებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობა პიროვნული განვითარების გზით.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგაზრდების დატრენინგება მეწარმეობის თემაზე საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში: ახმეტაში, გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში.

კურსი მოიცავს ტრენინგებს, მენტორინგს, კონსულტაციებს, ინტერაქციას, კონკრეტული პროტოტიპების შექმნას, საუკეთესო პროექტების წარდგენას თბილისში ,,დემო დღეზე“.

პროგრამაში გათვალისწინებული 17-დან 29 წლამდე 40 ახალგაზრდის ჩართვა თითოეული მუნიციპალიტეტიდან. ახალგაზრდები შეირჩევიან წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გორის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას. საკონტაქტო პირი თეა კეჩხუაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები