ახალი ამბები
გორის ზოოპარკში დათვს ეფერებიან (VIDEO)
ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ცხოველთა დამცველს, ირმა მთიულიშვილს გაუგზავნეს.

ფაქტი გორის ზოოპარკშია გადაღებული.

მოქალაქე ვოლიერთან მიდის და დედა-დათვს ეფერება. იქვე, მისი ბელი თამაშობს.

ირმა მთიულიშვილის განცხადებით, ვოლიერთან ყოფინისას, უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს და დათვებთან სიახლოვე რისკია.

ვიდეოს გორის ზოოპარკის დირექტორი, იოსებ კაპანაძე გაეცნო.

მისი თქმით, პიროვნება დათვებთან ახლოს იმ დროს მივიდა, როდესაც ზოოპარკის ტერიტორიას დაცვის პოლიცია აკონტროლებს.

,,ჩვენი თანამშრომლები ვოლიერებთან სამუშაო დროს მუდმივად მორიგეობენ. სავარაუდოდ, ფაქტი საღამოს საათებშია დაფიქსირებული. დაცვის თანამშრომლები კი, ამ პერიოდში, მთელი ახალ ბაღის ტერიტორიის კონტროლი ევალება. როგორც ჩანს, დაცვას მხედველობიდან სწორედ შემოვლის დროს გამოეპარა" - აცხადებს ააიპ ,,კულტურისა და დასვენების პარკის, ,,ახალ ბაღის" დირექტორი.

იოსებ კაპანაძე ამბობს, რომ ვოლიერებთან გამაფრთხილებელი ნიშანი დამონტაჟებულია, თუმცა, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ამ გაფრთხილებას არ ემორჩილება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ გასულ წელს, ერთერთი მოქალაქე მოაჯირზე გადავიდა და დათვთან ახლოს მივიდა. დათვმა ის დატორა. ჰოსპიტალის თანამშრომლებმა მას ოპერაცია ჩაუტარეს.

,,უახლოეს დღეებში ველოდებით პასუხს, რათა ეს დათვები თბილისის ზოოპარკში გადაიყვანონ" - აცხადებს ,,ახალ ბაღის" დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ღამის 11 საათამდე ვოლიერებთან დაცვის პოლიციაც მორიგეობს, დაუმორჩილებელი მოქალაქეების გადასვლა შესაძლოა, კიდევ განმეორდეს.

,,ამ რამდენიმე ხნის წინ, ნასვამი ადამიანი გადავიდა და გადმოვიყვანე პირადად"- იხსენებს დირექტორი.

დათვები

ამჟამად, მინი-ზოოპარკში სამი დათვია: ერთი მამრი, ერთი მდედრი და ბელი.

მამრი დათვი ცალკე ვოლიერშია გადაყვანილი. მდედრი, ბელთან ერთად, ცალკეა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2017 წლის პირველ იანვარს ორი ბელი დაიბადა.

ერთ-ერთი ბელი ორი თვის წინ გარდაცვლილა, თანდაყოლილი ავადმყოფობის გამო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები