ახალი ამბები
ქართლში აღმოაჩინეს ირანის შაჰის ბეჭდის ანაბეჭდი არამეული წარწერით
ქართლის უძველეს ნაქალაქარზე, ძალისში, ახ. წ. აღ. მე-3 საუკუნის პერიოდის ბულა აღმოაჩინეს, რომელზეც სპარსეთის შაჰის თავია გამოსახული არამეული წარწერით.

ამის შესახებ დღეს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, გოდერძი ნარიმანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს აღმოჩენილი ბულა (ბეჭედი) კავკასიაში აღმოჩენილი სხვა ბულებისგან სწორედ ამით გამოირჩევა.

არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი ფიქრობს, რომ ბულაზე გამოსახული შაჰი შაპურ პირველია.

,,ჩვენი აზრით გამოსახულება ირანის შაჰინშაჰს შაპურ პირველს ეკუთვნის. შაპურ I (240/243 – 272/273 წწ.) სასანიანთა დინასტიის დამაარსებლის არდაშირის შვილია,. რომთან სამი დიდი ბრძოლა გადაიხადა (242-244; 252 – 255; 260 წწ.). პირველივე ომის შემდეგ სპარსელებმა სამხრეთ კავკასიისაკენ (ალბანია, არმენია, იბერია) მიმართეს და რომი კავკასიას დიდი ხნით ჩამიაშორეს." - აცხადებს გოდერძი ნარიმანიშვილი.

შაპურის თანამედროვეა იბერიის მეფე ამაზასპი (დაახლ. 230-265 წწ.), რომელიც მოიხსენიება შაპურის “ზოროასტრის ქააბა”-ზე შესრულებულ წარწერაში.

არქეოლოგი შესაძლებლად თვლის, რომ ბულაზე გამოსახული იყოს ირანის შაჰს ნარსე (293-302 წწ.), რომელიც პალმის გამოსახულებიან გვირგვინს ატარებდა და, სწორედ, ამით იყო ცნობილი. თუმცა, ძალისის ბულაზე გამოსახული მამაკაცი თმის ვარცხნილობით და სამკაულებით შაპურის სხვა გამოსახულებებს წააგავს.

მიმდინარე წელს, არქეოლოგიური გათხრების ბოლო დღე იყო ძალისში.

2017 წელს ძალისის ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა დიდი ნაგებობა, რომლის ალიზით ნაგები კედლების სისქე 1,5 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობის მხოლოდ მცირე ნაწილია შესწავლილი (დაახლ. 1/6), ჩანს, რომ ის რთული გეგმარებისაა. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ახ.წ. 3-4 საუკუნით თარიღდება.

,,,,დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღმოჩენილი თიხის ბულა ქართლის სამეფოს მე-3 საუკუნის ისტორიას მნიშვნელოვნად შეავსებს. ბულა თიხატკეპნილ იატაკზე დაფიქსირდა. ეჭვსგარეშეა, რომ საბეჭდავი შაჰის კანცელარიას ეკუთვნოდა და ძალისში აღმოჩენილი ბულით მნიშვნელოვანი გზავნილი იყო დალუქული." - ამბობს არქეოლოგი.



ქართლის უძველეს ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
Print

სტატიის გამოყენების პირობები