ახალი ამბები
ონიაშვილის ტყუილი - ქვახვრელელები გამგებელს კომუნისტების დროინდელ ონკანის ფოტოს უგზავნიან
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ქვახვრელში სასმელი წყალი კომუნისტების დროსაც კი არ ჰქონდათ.

ამის საპასუხოდ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფოტო გაუგზავნეს. ფოტოზე გასული საუკუნის 70-იანი წლებში გაკეთებული ონკანია ასახული.

,,აჩვენეთ ეს ფოტო გამგებელს. აქაც რომ იყო სოფელში, თქვა, წყალი კომუნისტების დროსაც არ გქონდათო და იქნებ თქვენ უთხრათ სიმართლე, რომ ტყუილების ნაცვლად საქმე აკეთოს" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

ქვახვრელის სასმელი წყლის ჩავარდნილი პროექტის შესახებ დებატები რაიონის საკრებულოს ბოლო სხდომაზეც გაიმართა. ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა კობა ბერიანიძემ აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობამ უნდა მოითმინოს:

,,რა გჭირთ ხალხო? კომუნისტების დროსაც კი არ გქონდათ სასმელი წყალი და ვერ დაგიცდიათ?" - განუცხადა კობა ბერიანიძემ სოფლის წარმომადგენლებს სხდომაზე.

,,კობა, შენ დაბადებულიც არ იყავი, რომ ქვახვრელში სასმელი წყალი იყო" - უპასუხა ,,ქართული ოცნების" ლიდერს საკრებულოს წევრმა და ქვახვრელში მცხოვრებმა ვანო ნუსხელიძემ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის პროექტი ჩავარდა. 2016 წლის 24 ივნისს დაწყებული, თითქმის მილიონიანი პროეტი არ შესრულდა. სამუშაოები 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას გადათხრილი გზები, ღიად დარჩენილი პლასტმასის მილები შერჩა.

გამგეობის დაკვეთით მომუშავე კომპანია ,,არქიკულტურამ" თანხის 95% აითვისა. 880 000 ლარიდან დაიხარჯა 800 000 ლარი. კომპანიის წარმომადგენლები სოფელში აღარ გამოჩენილან და დასაქმებულ მუშებს ხელფასებიც არ მისცეს.

გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ გარკვეული სახის სამუშაოები შეასრულა, თუმცა ბოლომდე არა.

,,კვლავ ველოდებით დასკვას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან, რომელიც დაადგენს შესრულებული სამუშაოს რაოდენობას. ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს და ახალი კომპანია დაამთავრებს პროექტს" - ამბობს რეზო გოგიაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები