ახალი ამბები
ყანაში გამყოფ ხაზთან დაკავებების შიშით მუშაობენ (VIDEO)
სოფელ იონჩასთან, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აკონტროლებს, ჯერ გამყოფი ხნული გავლებული არაა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის მცხოვრებლებმა მის სიახლოვეს ყანის აღება უკვე დაამთავრეს.

ამჟამად, ტრაქტორებით ნამჯას აგროვებენ. ადგილობრივების განცხადებით, შიშით მუშაობენ. ,,აქეთ-იქით ვიხედებით, რომ არავინ მოგვეპაროს და დაგვაკავოს" - აცხადებს გურამ ფარქოსაძე. მისი თქმით, ე.წ. მესაზღვრეებს, საქართველოს მოქალაქეების დაკავების სანაცვლოდ, პრიზის სახით, შვებულებას აძლევენ.

ტრაქტორისტი მიხეილ თედეშვილი სოფელ ცერონისიდანაა. მას ძირითადად, სწორედ, გამყოფ ხაზთან მდებარე მინდვრებში უწევს მუშაობა. წლების განმავლობაში არაერთი დაკავების ფაქტს შეესწრო. იცის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მარტო არ უნდა იმუშაოს. უკეთეს შემთხვევაში, აუცილებელია საქართველოს პოლიციის თანამშრომლების მორიგეობა.

,,დღესაც თავს დაგვტრიალებდნენ ის მესაზღვრეები. ჩვენი პოლიციის პიკაპი რომ მოვიდნენ, წავიდნენ და გაგვეცალნენ. არ ერიდებიან არც 200 მეტრს, არც 300-ს და არც 400-ს. თუ მოგიხელთეს, გადმოვლენ, დაგიჭერენ და გადაგიყვანენ" - აცხადებს მიხეილ თედეშვილი.

ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც 2017 წლის აპრილში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად აირჩიეს, პირველივე დღეებში განაცხადა, რომ სოფელ იონჩასთან ე.წ. საზღვარს გააძლიერებს. გამყოფი ხაზის გაძლიერებაში კი, ცხინვალის მთავრობის ხელმძღვანელი ახალი მავთულხლართების გაბმას ითვალისწინებს. ბიბილოვი ამბობდა, რომ ეს სამუშაოები გაზაფხულიდანვე დაიწყებოდა.

ამჟამად, იონჩა-თამარაშენის მიჯნაზე ახალი სადემარკაციო ნიშნები ჯერ არ დაუყენებიათ. სოფლები მდინარე ფრონეს ხეობაში მდებარეობს. რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა სადემარკაციო ხნული კნოლევში, ავლევსა და ცერონისთან უკვე გაავლეს. ხნული დე-ფაქტო ხელისუფლების დაქვემდებარებულ სოფელ ზემო ოქონადან იწყება და იონჩამდე გრძელდება.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები