ახალი ამბები
გორში კალათბურთელთა სამი გუნდის წევრებს საზეიმოდ სიგელებს გადასცემენ
27 ივლისს, 11 საათზე, სასპორტო სკოლის დარბაზში კალათბურთელთა სამ გუნდს, სპორტული სეზონის წარმატებით დასრულების გამო სიგელებს გადასცემენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სპორტული სკოლების გაერთიანებიდან აცნობეს.

გაერთიანების წარმომადგენლის ცნობით, სამივე წარმატებული გუნდი, წვრთნელებთან ერთად, შეიკრიბება, რომელთაც გორის სპორტული სკოლების გაერთიანება მედლების მოპოვებასაც მიულოცავს.

ქალაქ გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციის გუნდებმა ახლახანს დასრულებულ 2016-2017 წწ სპორტულ სეზონში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გამართულ ასაკობრივ ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. კერძოდ:

16 წლამდე ასაკის კალათბურთელ გოგონათა გუნდმა ქვეყნის ასაკობრივი ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და შესაბამისად ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

ბრინჯაოს მედლები, საქართველოს 18 წლამდე ასაკის ვაჟთა შორის გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობის გამო, მიიღო საკალათბურთო გუნდმა ,,გორი".

ასევე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (ნბა) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებაში ,,NBA ჯუნიორი" - უმცროსი ასაკის გორელი კალათბურთელები.

სამივე ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილე გუნდები დაკომპლექტებული იყო შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის აღზრდილებით და ხელმძღვანელობდნენ ამავე სკოლის კალათბურთის სექციის მწვრთნელები.

ამ გუნდებმა ჩემპიონატებზე გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების ხელშეწყობით იასპარაზეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები