ახალი ამბები
თინას პატარა წამალი - ეტლით ყარაფილას გზაზე (VIDEO)
,,თინას პატარა წამალი... თინას პატარა წამალი" - იმეორებს ყოველ დილით თუთიყუში. მას კროტე ჰქვია. 6-წელია თინასთან ერთად ცხოვრობს და მეგობრობს. 

სოფელ ყარაფილაში, როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, რეპორტაჟის მოსამზადებლად ვიყავით. მინდვრებში რუსმა სამხედროებმა ხნული გაავლეს. მოგვწყურდა, სოფელში შევედით, მაგრამ არც ერთ საუბნო ონკაში წყალი არ მოდიოდა.

პატარა სოფელი ფერდობზეა გაშენებული. ავტობანიდან 1,5 კმ მანძილზე მდებარეობს. პირველივე სახლიდან აღმართი იწყება. ვითომ მოხრეშილი გზა უკვე დახრამულია. დიდი ქვები და ნიაღვრისგან გაჩენილი არხები მანქანას ძნელად ატარებს. სოფლის შესასვლელში დავტოვეთ და ფეხით ავუყევით გზას.

როგორც ვთქვით, საუბნო ონკანებიდან წყალი არ მოდიოდა. ერთ ოჯახში მივედით, დავუძახეთ მასპინძელს და წყალი ვთხოვეთ. ვკითხეთ: ონკანებში წყალი არ მოდის და თქვენ საიდან გაქვთ? დილით მოდის ცოტა ხნით და ვიმარაგებთო. სასმელი წყლის თაობაზე მასპინძელს მაშინვე ინტერვიუ ვთხოვეთ.

,,მე, ზოგადად, ვერ გეტყვით მაგ თემაზე რა ხდება. გარეთ იშვიათად გავდივარ. ერთი წამითაც ვერ ვცილდები ჩემ გოგოს. მოდით, შემოდით, ნახეთ როგორ გაუხარდეს თქვენი ნახვა?" - მიგვიპატიჟა ქალბატონმა ციურიმ.

პირველივე ოთახში თინა მომღიმარი სახით შეგვხვდა. საკუთარი ნახატები და მის მიერ გაკეთებული მძივები გარშემო ეწყო:

,,მთელი დღე ჩემ გოგოსთან ვარ. ერთი წუთით ვერ ვტოვებ მარტო. ეტლითაც ვერ გამყავს გარეთ, რომ ვასეირნო. ძალიან ჭირს ამ დახრამულ გზაზე სიარული და გასვლა" - გვითხრა მასპინძელმა.

თინა იმ წუთიდან, უკვე, ჩვენი რეპორტაჟის მთავარი გმირი ხებდა. ქალბატონ ცირას მობილური ტელეფონის ნომერი გამოვართვით და მორიგი სტუმრობის შესახებ პირობა მივეცით.

თინასთან კი, სტუმრები იშვიათად მიდიან, თანატოლები სოფელში თითქმის არ ჰყავს. სოფელში 35 კომლი ცხოვრობს.

ნახეთ თინა ვაზაგაშვილის შესახებ რეპორტაჟი უფრო ვრცლად

Print

სტატიის გამოყენების პირობები