ახალი ამბები
,,საყურე" და აგვისტოს მუზეუმის სხვა ექსპონატები (VIDEO)
,,ეს საყურე 2008 წლის აგვისტოს ომის, დევნილობის, ,,უსამშობლოობის“ ტრაგიკული პერიოდის სიმბოლოა ჩემთვის...

ამ ომმა გადაწყვიტა, რომ სამშობლოს ჯარისკაცი ამერჩია ცხოვრების მეგზურად...

ერთმანეთს ომამდეც ვხვდებოდით... აგვისტოში სამსახურიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე გადაინაცვლა ცალ ხელში ავტომატით, ცალში - ტელეფონით, რომლის ზარიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩემთვის დაბომბილ ქალაქში.

მერე იყო დევნილობა საკუთარ სამშობლოში. იყო თბილისი და ოკუპანტების საქართველოდან გასვლის აუტანელი მოლოდინი. შეხვედრები მამადავითზე და ნატვრა საკუთარ მიწაზე დაბრუნების...

საყურე 21 აგვისტოს, ჩემს დაბადების დღეზეე დევნილობისას მაჩუქა. მაშინ ის ერთადერთი ფასეული ნივთი იყო რაც, ,,უსამშობლოდ“ დარჩენილებს გაგვაჩნდა. მერე კი ეს საყურე იქცა ჩვენი ურთიერთობის ყველაზე ტრაგიკული პერიოდის ყველაზე ტკბილ მოგონებად.

დღეს ეს საყურე აღარაა ერთადერთი ძვირფასეულობა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ უკვე ორი არაჩვეულებრივი გოგონა გვყავს, რომლებსაც ჩვენთვის ორივესთვის ყველაზე დიდი ღირებულება უნდა ვასწავლოთ: ,,ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.“

ამ ტრიადის ნაწილია ჩვენთვის ოკუპაციის მუზეუმიც, სადაც მომავალმა თაობებმა უდა გაიგონ ფასი მტრისა და მოყვრის, ომისა და მშვიდობის, სიძულვილისა და სიყვარულის, ბოროტებისა და სიკეთის...იმისთვის, რომ აღარასოდეს იყოს ომი არც აგვისტოში, არც საქართველოში და არც არასოდეს არცერთ ქვეყანაში!"  - ელზა მიქელაძე, 08 აგვისტო, 2017 წელი

აგვისტოს ომის მუზეუმში ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. მუზეუმის შექმნის იდეის ავტორი ლია ჩლაჩიძეა, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს და ომის დროს სახლ-კარი დაუწვეს. მეუღლე 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაეღუპა, დედა - აგვისტოს ომის დროს პატარა ლიახვის ხეობის დაბომბვას გადაურჩა.

,,მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიების, მე სიძულვილი არც გამჩენია ოსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ, ჩემი მეგობრების მიმართ, ჩემი ახლობლების მიმართ, რომლებიც მეორე მხარეს დარჩნენ; და რომლებიც ისევე დაზარალდნენ, როგორც ჩვენ" - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები