ახალი ამბები
ახალგორში მომუშავე ქართველ პედაგოგებს რუსულ ენაზე სავალდებულო სწავლების შესახებ დირექტივა ჯერ არ მიუღიათ
ახალგორის სკოლების პედაგოგებს ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც რუსულ ენაზე სავალდებულო სწავლებას გულისხმობს,  ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ მიუღიათ.

ამის შესახებ წეროვანის დასახლებასა და ახალგორში მცხოვრებმა პედაგოგებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს.

მათი თქმით, ინფორმაცია  პრესის საშუალებით, კერძოდ, გამოცემა ,,ეხო კავკაზას" მეშვეობით გაიგეს, სადაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის განათლების მინისტრის მოადგილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ელისო გაგლოევას განცხადებით, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან ახალგორის რაიონში მდებარე ქართული სკოლები რუსულ სასწავლო პროგრამაზე გადავა, შესაბამისად, სწავლებაც რუსულ ენაზე წარიმართება. ხოლო ქართული ენა, ცალკე საგნად ისწავლება. 

დე-ფაქტო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ პრესასთან საუბარში ის მიზეზები განმარტა, რამაც ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა გამოიწვია. მისი თქმით, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართველ სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს რუსული ენის უკეთ დაუფლებაში, რადგან მათ მიეცემათ საშუალება რუსული სკოლის სერტიფიკატით სწავლა ცხინვალის და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

,,რუსული ენა თითქმის არ იციან ახალგორის სკოლების ქართველმა მოსწავლებმა, ამიტომ აუცილებელია სათანადო ზომების მიღება. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იყო სხვა გზებითაც მომხდარიყო, მაგალითად რუსული წიგნების ქართულად თარგმნით, მაგრამ მინდა ვაღიარო, რომ ქვეყანაში შესაბამისი დონის სპეციალისტი ვერ მოიძებნა.“ - განაცხადა ელისო გაგლოევამ.

სკოლების პარალელურად ცვლილებები ახალგორის საბავშვო ბაღებსაც შეეხება, ცხინვალელი ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, რაიონში ყველა ქართული ბაღი დაიხურება და მათ ნაცვლად, ერთი დიდი რუსული ბაგა-ბაღი გაიხსნება.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ სკოლებისა და ბაღების პედაგოგები შესაბამის უწყებებში დაიბარეს და რუსული და ოსური ენების ცოდნა მოსთხოვეს, ისინი, ვინც აღნიშნულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ავტომატურად სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ჩვენი რესპონდენტებისთვის ეს ინფორმაცია უცნობია, რადგან ამ თემაზე მათთან არავის უსაუბრია. პედაგოგების ცნობით, სწავლების რუსულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ინფორმაცია გასულ წელსაც ვრცელდებოდა, თუმცა ვითარება ახალგორის სკოლებში არ შეცვლილა.

რუსულ სასწავლო პროგრამაზე ახალგორის ქართული სკოლების შესაძლო გადასვლის თემას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეფასებები უკვე მოყვა. მოსალოდნელ ცვლილებებს ოფიციალური თბილისი ქართველ მოსახლეობაზე ზეწოლას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას უწოდებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები