ახალი ამბები
თელიანში პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ცემეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ხვთისო კორკოტაშვილი ცემეს.

სახის არეში მიყენებული დაზიანებების ამსახველი ფოტოები ხვთისო კორკოტაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდა.

მისი თქმით, მას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტან ბეჟიტაშვილი და თანხმლები პირი, გურამ დავითაშვილი დაესხნენ თავს. დაპირისპირებას კორკოტაშვილის დედა და შვილები შეესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მაჟორიტარი წარმომადგენლის, ვახტანგ ბეჟიტაშვილის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ პირიქით, თავს კორკოტაშვილები დაესხნენ, ქვებით მანქანა დაულეწეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფაქტი 2017 წლის 28 ივლისს მოხდა. 

ხვთისო კორკოტაშვილის თქმით, 28 ივლისს, სოფელ თელიანში, დახლოებით დილის 10 საათზე,  საკუთარ საცხოვრებელი სახლის ეზოში ვაზს შხამ-ქიმიკატებით წამლიდა.

,,ჩემი სახლის წინ შავი ჯიპი გაჩერდა და იქიდან ვახტანგ ბეჟიტაშვილი და მისი ახლობელი გურამ დავითაშვილი გადმოვიდნენ. ორივე მათგანი ეზოში შემოვიდა და დედაჩემს, რომელიც იქვე იმყოფებოდა,  სთხოვეს დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან ჩემთან სალაპარაკო ჰქონდათ. ბეჟიტაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირმა გასული წლის არჩევნები შემახსენა,  სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და მითხრა, რატომ დავუდექი გვერდით ვაჟა ოთარაშვილს და არ დავუდექი მას, როგორც თანასოფლელს" -  აცხადებს ხვთისო კორტკოტაშვილი.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ ის სოფელში მანქანით მარტო გადაადგილდებოდა, როდესაც გზაზე ხვთისო კორკოტაშვილმა მის მიმართ გინება დაიწყო.

,,არავინ მახლდა თან. როგორც კი, დამინახა, გინება დაიწყო. მე სიტუაციის გარკვევის მიზნით, გავაჩერე მანქანა, რასაც მოჰყვა მისი მხრიდან აგრესია, ქვების დაშენა. დაზიანდა ჩემი მანქანა და მეც მივიღე დაზიანებები. ის დაზიანებები, რაც მას აქვს მიღებელი, მიიღო არა ცემისგან, არამედ ურთიერთდაპირისპირების დროს" - აცხადებს ბეჟიტაშვილი.

ჩხუბის ხმაზე ხვთისო კორკოტაშვილის მეუღლე და შვილები გამოვიდნენ და ყვირილი დაიწყეს. მოუწოდებდნენ მეზობლებს და იქვე მყოფ პირებს პოლიციის გამოძახებას. 

,,ისინი მცემდნენ, დედაჩემმა მოგერიების მიზნით ბეჟიტაშვილს ქვები ესროლა, ერთერთი ქვა მანქანას მოხვდა და უკანა საქარე მინა ჩაიმტვრა. ბეჟიტაშვილმა საკუთარი ავტომობილიდან იარაღი ამოიღო და ფიზიკური განადგურებით დამემუქრა" - აღნიშნავს ხვთისო კორკოტაშვილი. იარაღის გამოყენების ფაქტს ბეჟიტაშვილი უარყოფს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვახტანგ ბეჟიტაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რაიონის საკრებულოში თელიანის თემიდან მოხვდა.

რაც შეეხება ხვთისო კორკოტაშვილს, ის, 2016 წელს, ,,პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის", კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვაჟა ოთარაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო. ბეჟიტაშვილისა და კორკოტაშვილის დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამწვავდა.

კერძოდ, ვაჟა ოთარაშვილის პლაკატებზე ზემოდან გადაკრული იყო ვახტანგ ბეჟიტაშვილის ფოტოები. ამის გამო, ხვთისო კორკოტაშვილი და სხვა პირები ,,,თავისუფალი დემოკრატების" ოფისში მივიდნენ და ბეჟიტაშვილისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. ბეჟიტაშვილმა პოლიცია გამოიძახა, რის გამოც კორკოტაშვილს გაფრთხილება მისცეს. ვახტანგ ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად  ეს არ აპატია კორკოტაშვილმა ბეჟიტაშვილს და ამის გამო გზაზე სიტყვიერი შეყრაცხყოფა მიაყენა.

კორტკოტაშვილი კი, ამტკიცებს, რომ ის სახლის ეზოში თავისთვის მუშაობდა, როდესაც ბეჟიტაშვილმა თანხმლებ პირთად ერთად მიაკითხა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები