ახალი ამბები
ცხინვალში დაბრუნებული პაციენტები თბილისის კლინიკების ექიმების მადლიერები არიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მტკიცებით, საქართველოში სამკურნალოდ გაგზავნილ ოსებს ამცირებენ.

ამის შესახებ მან alaniatv.ru-სთან მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ცხინვალის მოქალაქეები ქართულ კლინიკებში დამცირებას განიცდიან.

,,ჩვენი მიზანია საქართველოს მიმართულებით სამედიცინო მომსახურების მისაღებად წამსვლელთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს. რადგან საქართველოდან ცხინვალში დაბრუნებული პაციენტების დიდი ნაწილი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა. საქართველოში მათ ქართულ სპეცსამსახურებთან უწევთ ურთიერთობა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას და ხარისხიან და ფართო სამედიცინო მომსახურებას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება სიცოცხლეს და ჯანმრტელობას, ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ის პირობები, რომ მას აღარ დასჭირდეს საქართველოში სიარული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დამცირების ატანის სანაცვლოდ“ - აცხადებს ანატოლი ბიბილოვი.

მისი განმარტებით, ცხინვალში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს, იგეგმება ასევე ქირურგიული განყოფილების და სამშობიარო სახლის გახსნა. რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციის დონეს, ბიბილოვის ინფორმაციით, ამ მიზნით ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გაგზავნა რუსეთშია დაგეგმილი.

დე ფაქტო პრეზიდენტისგან განსხვავებით, ქართველი ექიმების მიმართ მადლიერებას გამოთქვამენ თბილისიდან ცხინვალში დაბრუნებული  პაციენტები. ისინი ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას არანაირ ზეწოლას ახსენებენ. ამ თემაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სამი თვის წინაც წერდა.

ცხინვალიდან გადმოსულ ოსი პაციენტების რიცხვის საგრძნობლად მომატებაზე, აგვისტოს ომიდან 9 წლის თავზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაცი ისაუბრა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ცხინვალელი და აფხაზი პაციენტების რიცხვი, რომლებიც თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობენ, 6-ჯერ გაიზარდა. ეს სტატისტიკა კი ანატოლი ბიბილოვის ნათქვამს, ქართულ კლინიკებში ოსი პაციენტების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს საეჭვოს და არარეალურს ხდის.

აღნიშნულ ინტერვიუში ანატოლი ბიბილოვი საქართველოსთან ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყანასთან მშვიდი ურთიერთობის არსებობა აუცილებელია, საქართველოს შემთხვევაში კი კეთილმეზობლობა, ოფიციალური თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგაა შესაძლებელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები