ახალი ამბები
,,მარკო" ნამდვილმა პატრონმა იპოვა - თუმცა ახალ პატრონთან რჩება
ცხოველთა დამცველმა ირმა მთიულიშვილმა საკუთარ ვეტერინარულ კლინიკას, სწორედ, ,,მარკოს" სახელი დაარქვა. ძაღლსაც ეს სახელი თავად შეურჩია.

ის სამი წლის ვერხვების დასახლებაში სარიტუალო დარბაზის სიახლოვეს ნახა. რადგანაც დიდი ძაღლი იყო, ადგილობრივებმა მას მიმართეს დასახმარებლად.

,,მხედველობა დაქვეითებული აქვს და სმენა საერთოდ არა აქვს. როცა შემოვიყვანე სახლში, ფოთლებში ჩაწვა და კარებისკენ არც გაუხედავს. ვცდილობდი, მეპოვა პატრონი, მაგრამ უშედეგოდ. გუშინ კი, ნამდვილმა პატრონმა იპოვა. როგორც გავიგე, ამერიკელი ჯარისკაცი ჰყავს გადარჩენილი ერაყში" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

აღმოჩნდა, რომ ძაღლს, რეალურად, დაბი ჰქვია და ის 2010 წლამდე ერაყში ჯარისკაცებთან ერთად 5 წელი ცხოვრობდა. მას სამხედროები ძებნის ოპერაციებში იყენებდნენ. ამერიკელი სამხედრო გადაურჩენია. ერთ-ერთი აფეთქების დროს, სავარაუდოდ, კანტუზია დაემართა. ,,თურმე აპირებდნენ მის დაძინებას, მაგრამ სწორედ იმ ამერიკელმა სამხედრომ არ გააკეთებინა ეს, ვინც ამ ძაღლმა გადაარჩინა" - გვიყვება ირმა მთიულიშვილი.

სამხედრო ოპერაციებისთვის ხანდაზმული ძაღლი საქართველოში ქართველმა სამხედრომ წამოიყვანა. მუდმივი მეთვალყურეობის საჭიროების გამო, მისმა ოჯახის წევრებმა გააჩუქეს, მოგვიანებით კი, გორის ქუჩებში აღმოჩნდა.

ორი დღის წინ, ქართველმა სამხედრომ კლინიკა ,,მარკოში" ,,დაბის" მიაგნო. ირმა მთიულიშვილმა მათი შეხვედრის სცენა მობილურით გადაიღო.

,,მის პატრონთან ცრემლები ვერ შევიკავე და ახლა მეტირება. რამდენი რამ ქონია დაბის გამოვლილი. ყველაზე მთავარი - მის პატრონს გაუხარდა ცოცხალი დაბის დანახვა და სამი წლის განმავლობაში სულ ეძებდა." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

,,მარკო" იგივე ,,დაბი" ირმა მთიულიშვილთან რჩება. ძველმა პატრონმა იცის, რომ საიმედო ხელშია, რომელმაც თავის მხრივ ძაღლის სიცოცხლე გადაარჩინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები