ახალი ამბები
დიცის საჯარო სკოლის სკვერში ბიბლიოთეკა გაიხსნა
დღეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცის საჯარო სკოლის სკვერში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ამის გამო, საქართველოს კულტურის სამინისტრის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა ,,ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლები სოფელში საჩუქრებით ჩავიდნენ. ახალი წიგნები როგორც ბიბლიოთეკისთვის დატოვეს, ასევე, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცეს.

სკვერში მინი ბიბლიოთეკა (ე.წ. „წიგნის ბუდე“) დაიდგა და მასში განთავსებული წიგნებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება სარგებლობა. კერძოდ, მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკიდან წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ. ამგვარი მოდელი მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშია გავრცელებული.

მინი ბიბლიოთეკის დიზაინი სიმბოლური დატვირთვისაა და მას კარვის ფორმა აქვს. ასეთი კარვის ფორმის ბიბლიოთეკები გამყოფ ხაზთან მდებარე სხვა სოფლებშიც განთავსდება. ამ ეტაპზე მსგავსი მინი-ბიბლიოთეკის განთავსება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში დაიგეგმა. „სკვერის ბიბლიოთეკა“ რამდენიმე ხნის წინ ანაკლიის ბულვარშიც მოეწყო.

„ეკვილიბრიუმმა“ საქართველოს არაერთ ქალაქში განათავსა მინი-ბიბლიოთეკები. ამჟამად პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. კერძოდ, „სკვერის ბიბლიოთეკებში" დისკუსიები და სამოქალაქო აქტივობები გაიმართება და იგი ერთგვარი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე გახდება.

„სკვერის ბიბლიოთეკები“ მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ანაკლიის განვითარების კოსორციუმის დაფინანსებით ხორციელდება და იგი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კულტურულ-საგანმანათებლო სივრცეების შექმნას.

სოფელ დიცში სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, სამშენებლო კომპანიების „ნოვას“ და „ციტადელის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები