ახალი ამბები
გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გამგებლის პირველი მოადგილე დააჯარიმა
გორის საოლქო საარჩევნო კომისია გორის გამგებლის პირველი მოადგილის გელა კაპანაძის მიმართ 2000 ლარით დააჯარიმების მოთხოვნას დაეთანხმა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიაში განუცხადეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას გორის სასამართლო მიიღებს, რადგან გელა კაპანაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ის, როგორც საჯარო მოხელე, საარჩევნო შტაბში ,,თრიალეთის" ჟურნალისტის თხოვნით მივიდა.

,,21 სექტემბერს დამირეკა თრიალეთის ჟურნალისტმა, რომელი ტელეკომპანიაც გახლავთ პოლიტიკური მოძრაობა ,,შენების მოძრაობის" ბადრი ნანეტაშვილის ინტრესების გამტარებელი, მთხოვა ინტერვიუ, ასევე, პოლიტიკურ საკითხებზე. ავუხსენი, რომ ვიმყოფებოდი ერთ-ერთ სოფელში და ერთი საათის შემდეგ დაერეკა. ერთი საათის შემდეგ, კვლავ დამირეკა ჟურნალისტმა და მითხრა, რომ ინტერვიუ ,,ქართული ოცნების" შტაბის წინ გამეკეთებინა. როდესაც მივედი შტაბთან და დავიწყეთ ინტერვიუს ჩაწერა, ჟურნალისტმა მთხოვა, რომ  ,,კონტრაჟორის" გამო ოთახში შევსულიყავით. შევედით ოთახში და ამის შემდეგ დამისვა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ვიმყოფებოდი საარჩევნო შტაბში. ეს იყო სუფთა პროვოკაციული ქმედება" - აცხადებს გელა კაპანაძე.

,,თრიალეთის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ კაპანაძის მონაყოლი სიცრუე და მოგინილი ისტორიაა.

საარჩევნო შტაბში გელა კაპანაძის ყოფნა დასტურდება ადგილობრივი ტელეკომპანია ,,თრიალეთის" სიუჟეტით. სიუჟეტში დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იმყოფებოდა გელა კაპანაძე სამუშაო დროს საარჩევნო შტაბში, ის პასუხობს, რომ, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირი, არ არღვევს კანონს საარჩევნო შტაბში ყოფნის გამო. 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, გამგებლის პირველი მოადგილე არ წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციების: ,,სამართლიანი არჩევნებისა" და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრებით მიმართეს. დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიას მოსთხოვეს, რომ გამგებლის პირველი მოადგილე საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე დაეჯარიმებინათ.

გელა კაპანაძე ამჟამად სამსახურიდან გათავისუფლებულია. ის გამგებელმა დავით ონიაშვილმა გაათავისუფლა, რომელიც გორის მერის კანდიდატია ,,შენების მოძრაობიდან". ამ გათავისუფლებაში კი, ,,საია" პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს, რადგან პირველი მოადგილე დასაბუთების გარეშეა მოხსნილი თანამდებობიდან. აღნიშნულ საქმესაც სასამართლოში განიხილავენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები