ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძის მეუღლის ფირმას წყალტუბოში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 4453 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა შპს „შარას“ საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ,,შარას" მიწის ნაკვეთი მთავრობის განკარგულების საფუძველზე გადაეცა, სადაც 2 წლის ვადაში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო უნდა შეიქმნას.

კომპანიისთვის მიწის ნაკვეთისა და 1210 კვ.მ განაშენიანების შვიდი შენობა-ნაგებობის პირდაპირი წესით გადაცემა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 მარტის №495 განკარგულების საფუძველზე, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდა. „შარას“ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში იმავე წლის 6 მაისს დარეგისტრირდა.

განკარგულების თანახმად, „შარამ“, მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნაში, 352 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. კომპანიის 1/3 წილის მფლობელია პარლამენტში გორის მაჟორიტარის იოსებ მაკრახიძის მეუღლე ციცინო კალანდაძე.

შპს „შარა“ 2002 წლის 12 აპრილს შეიქმნა. კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორია პარლამენტის მაჟორიტარი წევრის იოსებ მაკრახიძის მეუღლე - ციცინო კალანდაძე, რომელიც კაპიტალის 33 %-ს ფლობს.

ბიზნესმენი იოსებ მაკრახიძე საქართველოს პარლამენტში გორის №41 მაჟორიტარული ოლქიდან არჩეული დეპუტატია. იგი ფლობს კაპიტალის 40 %-ს კომპანია „იბოლია“-ში, სადაც 30 %-ის მფლობელები არიან მისი შვილები - მარიანა და ოფელია მაკრახიძეები.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იოსებ მაკრახიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველი იყო, - სახელისუფლებო პარტიას მან 50 000 ლარი გადაურიცხა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, გორის მაჟორიტარი და მისი კომპანიები „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი დამფინანსებლებიც იყვნენ. 2010 წელს შპს „იბოლია“-მ მაშინდელ მმართველ პარტიას 100 000 ლარი ჩაურიცხა, 2011 წელს - ასევე 100 000 ლარი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი იოსებ მაკრახიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ნაციონალურ მოძრაობას“ 39 000 ლარი შესწირეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები