ახალი ამბები
მედიამონიტორები შიდა ქართლში qartli.ge-სა და ,,თრიალეთის" საარჩევნო მუშაობას აფასებენ
2017 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის პირველი შედეგები 19 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, რომელშიც ეროვნული და რეგიონული მედიის სამოცამდე სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ საშუალების მუშაობის შედეგებია წარმოდგენილი. ანგარიშებში შესული მონაცემები არჩევნების გაშუქებას ეხება, ასევე აღრიცხავს მედია საშუალებების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებას, მიკერძოებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს.

საარჩევნო მედიამონიტორინგი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა. პროცესში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI).

საარჩევნო მედიამონიტორინგში შიდა ქართლიდან ორი მედია საშუალება მოხვდა - qartli.ge და ტელეკომპანია ,,თრიალეთი“, (ახალი ამბები და 2 თოქ-შოუ).


qartli.ge-ს შედეგები







კვლევის მიხედვვით, მონიტორინგის პერიოდში (19 ივნისიდან 8 ოქტომბრამდე) qartli.ge-ზე პოლიტიკური ძალების მიმართ დაბალანსებული განწყობები შეინიშნებოდა.

,,ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა რეგიონში არსებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს. qartli.ge-ზე ყველაზე აქტიურად ადგილობრივი მთავრობის (40%), მთავრობისა (33%) და ქართული ოცნების (10%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.” - წერია მონიტორინგის შედეგებში.

ამავე კვლევის მიხედვით, qartli.ge-ზე აქტიურად უთმობს ადგილს საკითხებს, რეგიონში შესრულებული და შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ასევე ობიექტურად შუქდება მერობის კანდიდატების საარჩევნო საქმიანობა.

"qartli.ge-ზე აქტიურად შუქდება როგორც რეგიონში განხორციელებული წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე შეუსრულებელი სამუშაოების კრიტიკული შეფასებები. ობიექტურად შუქდება გორის მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა. qartli.ge-ზე სათანადოდ არის გამიჯნული კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიები სარედაქციო მასალებისგან. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის ნიშანი განთავსებულია სტატიის ბოლოს, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი მკითხველისთვის ის ადვილად შესამჩნევი არ იყოს. უმჯობესია, რომ ვებგვერდმა აღნიშნული სარეკლამო მინიშნება განათავსოს ისე, რომ უფრო მარტივად შესამჩნევი გახდეს ნებისმიერი მკითველისთვის." - აღნიშნულია კვლევაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, საბა წიწიკაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ-კომერციულ სტატიებს შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშანი ამჯერად უკვე არა ტექსტის დასასრულეს, არამედ სათაურში ეთითება და მედიამონიტორების რეკომენდაცია 8 ოქტომბრიდან გათვალისწინებულია.


,,თრიალეთის" შედეგები





მონიტორინგის ქვეშ მოექცა ტელეკომპანია „თრიალეთის“ ორი გადაცემა - „განსხვავებული აზრი“ და „შაბათის სტუდია“. პირველი გადაცემის შემთხვევაში მონიტორებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ გადაცემას არ გააჩნია ლოგიკური განვითარება, ფრაგმენტულია. წამყვანი არ არის სათანადოდ მომზადებული, მისი კითხვები ზოგადია და ფაქტებით არ არის გამყარებული. ის არ სვამს დამაზუსტებელ კითხვებს, არ სთხოვს სტუმრებს მტკიცებულებებს, როდესაც ისინი ბრალდებებს უყენებენ ოპონენტებს. გადაცემა უფრო მეტად ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს.

კვლევაში წერია, რომ წამყვანმა ვერ მართა დისკუსია. ამის დამადასტურებლად კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, სადაც წამყვანი სიღრმისეულ კითხვებს არ სვამს და ესა თუ ის თემები მაყურებლისთვის ბუნდოვანი დარჩა. მსგავსი შენიშვნებია გაწერილი შაბათის ,,სტუდიის შემთხვევაშიც“, სადაც საუბარია ასევე ტექნიკური პრობლემების არსებობაზე. (დაუბალანსებელი ხმა, გამოსახულება და ა.შ)

ამ გადაცემის ერთ-ერთ მაგალითად ეთერში ბადრი ნანეტაშვილის სტუმრობა იყო, სადაც წამყვანი ტელევიზიის მფლობელს კრიტიკულ შეკითხვებს არ უსვამს. (მაგალითად, პოლიტიკური წარსულის შესახებ)


,,თრიალეთის" გადაცემა ,,განსხვავებული აზრი"

გადაცემის ფორმატის მიხედვით, გადაცემაში შერჩეულ თემაზე სასაუბროდ მოწვეულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაცემას არ გააჩნია ლოგიკური განვითარება, ფრაგმენტულია. წამყვანი არ არის სათანადოდ მომზადებული, მისი კითხვები ზოგადია და ფაქტებით არ არის გამყარებული. ის არ სვამს დამაზუსტებელ კითხვებს, არ სთხოვს სტუმრებს მტკიცებულებებს, როდესაც ისინი ბრალდებებს უყენებენ ოპონენტებს. გადაცემა უფრო მეტად ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად, მაყურებელი ვერ იღებს ამომწურავ ინფორმაციას სადისკუსიო თემაზე.

მაგალითად 15 სექტემბერს რამდენიმე შემთხვევაში გადაცემა იქცა ,,ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებად. ეს ეთერი არ ყოფილა გამონაკლისი.

სტუმრები არ პასუხობდნენ წამყვანის კითხვებს, იმ თემაზე აგრძელებდნენ საუბარს, რაც თავად აინტერესებდათ. შესაბამისად, წამყვანმა ვერ მართა დისკუსია. ამავე გადაცემაში ბრალდებები ისმოდა ცესკოს მიმართ, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციიდან გადაცემაში არავინ იმყოფებოდა.

წამყვანი ასევე არ ყოფილა მომზადებული დაესვა რელევანტური კითხვები 29 სექტემბერს გადაცემაში წამოჭრილ თემებზე, როგორიცაა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის პრობლემა და აშ. ამავე გადაცემის ბოლოს ჟურნალისტმა დასვა კითხვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ბრალდებაზე, თითქოს გამგებელმა სიდედრს ბიუჯეტის ფულით აუშენა სახლი, რაც გამგებელმა უარყო. არანაირი მოკვლევა ამ საკითზე ჟურნალისტსა და გადაცემაზე მომუშავე ჯგუფს მაყურებლისთვის არ შეუთავაზებია მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებების შესახებ გადაცემამდე იყო ცნობილი. უცნობი დარჩა ნამდვილად ასე მოხდა თუ არა, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა გამგებლის სიდედრის სახლის მშენებლობაზე და რა ფორმით უკავშირდება ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტს.

,,თრიალეთის" გადაცემა ,,შაბათის სტუდია"

გადაცემას სტუმრობდნენ სხვდასხვა პარტიის წარმომადგენლები, წამყვანი იყო მიუკერძოებელი და არ ახდენდა რომელიმეს დისკრიმინაციას. თითოეულ სტუმარს ცალ- ცალკე უსვამდა ზოგად კითხვებს. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რატომ არ ისხდნენ
ერთმანეთის პირისპირ სტუმრები, თუკი გადაცემაში თითოეულ მათგანთან მწვავე კითხვები არ დაისმებოდა და გადაცემას ერთგვარი Hard Talk-ის ფორმატი არ ექნებოდა. ამასთან, არხს  აქვს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემები, მაგ. დაუბალანსებელი ხმა, გამოსახულება და ა.შ.

წამყვანის კითხვები არ იყო ფაქტებით გამყარებული. ის არ იშველიებდა ციტატებს, არ იყო მომზადებული თითოეულ რესპონდენტთან კრიტიკული კითხვების დასასმელად.

მაგალითად, როდესაც ეთერში ჰყავდა ბადრი ნანეტაშვილი, არხის დამფუძნებელი, რომელიც ახლა „შენების მოძრაობის“ სიის პირველი ნომერია გორში, არაფერი უკითხავს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ მისი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას გორის გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ და მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში სდებდნენ ბრალს. აუდიტორიისთვის წამყვანს არც ნანეტაშვილის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირები შეუხსენებია.

წამყვანის კითხვები ხშირად ისე ბუნდოვნად იყო ფორმულირებული, რომ არსის გაგება ჭირდა. მაგალითად: „საარჩევნო სიტუაციაა, პერიოდია, ორ თვეში უკვე თვითმმართველობის არჩევნები იქნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა ამ საკრებულომ ის იმედები მოსახლეობის რომ ჩართულობა გაზარდოს თვითმმართველობის არჩევნებზე თუ როგორ, თქვენ როგორ ფიქრობთ თვითმმართველობის არჩევნები არის მაინც ცენტრზე მიბმული, ესე განიხილავს ამომრჩეველი და ძირითადად განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება თუ ცვლილებებისთვის არის მოწოდებული?“ (9.09) რესპონდენტმაც უპასუხა რომ კითხვის არსი ვერ გაიგო, რას ნიშნავს „ცენტრზე მიბმული.“

ნაცვლად კრიტიკული კითხვებისა და საარჩევნო პროგრამებისა, წამყვანი ინტერესდებოდა, მაგალითად, ისეთი საკითხებით, თუ რატომ გადაწყვიტა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კარდაკარ შეხვედრა მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრის ნაცვლად, რა განწყობებია მოსახლეობაში, რამდენი მანდატით შედის პარტია წარმომადგენლობით ორგანოში და ა.შ.

,,თრიალეთის" ახალი ამბები

მონიტორინგის შედეგებში ამ ტელევიზიის ახალი ამბებზეცაა საუბარი, რომლის მიხედვით, თრიალეთის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე ხანგრძლივად ადგილობრივი მთავრობა გაშუქდა. დადებითი ტონით ცენტრალური მთავრობა ლიდერობდა (4%), ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება ადგილობრივ მთავრობას ჰქონდა (32%)

,,მონიტორინგის პერიოდში ,,თრიალეთი“ გამოირჩეოდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიუჟეტების სიმრავლით, თუმცა სიუჟეტებს ზოგჯერ აკლდა მასში მოყვანილი ფაქტების მტკიცებულებები (დოკუმენტები, სტატისტიკური მონაცემები და ა.შ) ამ ეთერში ხშირად ჩანს ადგილობრივი მცხოვრებლების პოზიცია, რომლებიც საკუთარ პრობლემებზე საუბრობენ. კვლევაში პოზიტიურადაა მიჩნეული ჟურნალისტების მცდელობა ადრე გაშუქებულ თემებზე მაკონტროლებლის ფუნქციით დაბრუნება. თუმცა ზოგიერთ შეთხვევაში არ ჩანდა ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია ან მისი მოპოვების მცდელობა." - აღნიშნულია კვლევაში. 

,,თრიალეთის" ორივე გადაცემის წამყვანი ლადო ბიჭაშვილი ამბობს, რომ კვლევებს გაეცნობა და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. სოციალურ ქსელში გაზიარებამდე კი, გვაცნობა, რომ საიტზე უკვე გამოქვეყნების გამო, არ გააკეთებს განაცხადს.   


იხ. წყარო
Print

სტატიის გამოყენების პირობები