ახალი ამბები
სახიფათო გზა პედაგოგებისთვის (Photo/Video)
ალჟუნი ობლიშვილი 47-წელია სოფელ ბერძენულის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. დაახლოებით მისი სტაჟის ასაკისაა ფცასა და ბერძენაულს შორის, მდინარე ფრონეზე არსებული საფეხმავლო ხიდი.

ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ხიდი 4-ჯერ შეკეთდა. ბოლოს კი, 12 წლის წინ. სასწავლო პროცესის დროს, ალჟუნი ობლიშვილი ამ ხიდზე თითქმის ყოველდღიურად დადის. ზუსტად იცის, რომელი ხის მორი ვერ გაუძლებს და ამ შემთხვევაში მავთულზე გავლა ურჩევნია.

დღეს მესამედ ჩაუტყდა ფიცარი ნელი ბერუაშვილს. ჩავარდნას გადარჩა, რადგან ხელით მავთულის მოაჯირზე იყო ჩაჭიდებული, ხოლო მეორე ფეხით შედარებით საღ ფიცარზე იდგა.

,,ჩვენი პრობლემა გავაცანით გამგებელს. წინასაარჩევნოდ ჩამოსულები იყვნენ და ვუთხარით, რა მდგომარეობაც იყო. შეგვპირდნენ, რომ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. იმედი გვაქვს, რომ ზამთრამდე მოესწრება" - ამბობს ალჟუნი ობლიშვილი. ნელი ბერუაშვილმა გვითხრა, რომ შეხვედრის შემდეგ, გამგეობიდან ადგილზე ჩასულები იყვნენ ხელმძღვანელი პირები და საკუთარი თვალით ნახეს მდგომარეობა.





კარგი ამინდების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი დარწმუნებლია, რომ ზამთრამდე ხის ახალი კონსტრუქციების დამონტაჟებას გამგეობა მოასწრებს. მან 21 ოქტომბრის მერის არჩევნებში გაიმარჯა და მუნიციპალიტეტს მეორე ვადით, ამჯერად, მერის რანგში უხელმძღვანელებს. ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ქარელის მერი საკრებულოსთვის ჯერ არ წარუდგენია.

,,წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მითხრეს პედაგოგეგბმა, რომ ხიდი სავალალო მდგომარეობაში იყო. პირადად ვიყავი ჩასული და ადგილზე ვნახე სიტუაცია. ვეცდებით, წელსვე მოვასწროთ რეაბილიტაცია" - ამბობს ზაზა გულიაშვილი.



ფცასა და ბერძენაულს მდინარე ფრონე ყოფს. ორ სოფელს შორის მანძილი, ხიდის გავლით, დაახლოებით, 1 კმ-ია. მთავარი გზა ბერძენაულამდე შორია. შემოვლით გზაზე მანქანები ჯერ ზემო შაქშაქეთს, შემდეგ შაქშაქეთს გადიან.

,,შემოვლით გზაზე მანძილი 15-20 კმ-ია" - ამბობს ამირან ლომსაძე. ის სოფელ ფცაში მდინარე ფრონეს კალაპოტის ნაპირას ცხოვრობს:

,,ახლა თქვენ რასაც ხედავთ, ეს არაფერია. გაზაფხულზე ძალიან დიდი ადიდება იცის ფრონემ. სოფლამდე აღწევს წყალი. ვრცელი კალაპოტია ამ ადგილზე და ხიდიც ამიტომაა გრძელი. ბერძენაულშია იუსტიციის სახლის ფილიალი. მთელი მოსახლეობა იქ დადის, საბუთი ჭირდება, პენსია ჭირდება და ა.შ. აუცილებელია ამ ხიდის გაკეთება" - ამბობს ამირან ლომსაძე.



არის თუ არა პედაგოგებისთვის ტრანსპორტირების საშუალება ხიდის რეაბილიტაციამდე, ამის შესახებ, მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს პასუხი ჯერ არ აქვს. ,,არც იმის უფლება მაქვს, რომ მოქალაქეებს გადაადგილება ავუკრძალო. ჩვენ პროექტზე უკვე ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მის რეაბილიტაციას მოვასწრებთ" - აცხადებს გამგებელი.



მარინა კობალაძე ბერძენაულიდან პომიდორს ეზიდება. ის სოციალურად დაუცველია და პომიდორის საკრეფად იყო წასული. რაც მისცეს გასამრჯელოდ, სახლში ვედროებით და ყუთით მიჰქონდა: ,,მე თუ ჩამოვვარდი, მერე რა უნდა ქნა?" - ეუბნებოდა ოჯახის წევრს. ბედად ბერძენაულიად თანასოფლელმა გამოიარა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ფილიალიდან ,,საზოგადოებრივი ცენტრიდან" მოდიოდა.







ამ გზაზე სულ ოთხი პედაგოგი მოძრაობს. სამი სოფელ ბერძენაულისკნე, ერთი კი - აბისის საჯარო სკოლაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები