ახალი ამბები
ოსური ენის გაკვეთილი ნიგოზას საჯარო სკოლაში
აჩაბეთიდან დევნილი ზაირა გაგლოევი კვირაში ორჯერ ნიგოზას საჯარო სკოლაში დადის. ის წეროვანში, კოტეჯებში ცხოვრობს. აგვისტოს ომამდე თამარაშენის სკოლაში ოსურ ენას ასწავლიდა. 9-წლის წინანდელი საქმიანობა ომის შემდეგაც გააგრძელა და სამუშაოდ ნიგოზაში გაგზავნეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში მოსწავლეები რამდენიმე სოფლიდან დადიან. აქ ერთმანეთის გვერდით ქართველი და ოსი ბავშვები სწავლობენ. დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის დაფინანსებით, შერეულ სოფლებში ოსური ენის შესასწავლად პედაგოგები გაგზავნეს. მათ რიცხვში აღნიშნული სკოლაც მოხვდა.

სკოლაში ოსურ ენას ორ - უმცროს და უფროს ჯგუფებად ასწავლიან. მაგალითად, უმცროს ჯგუფში 8 მოსწავლეა, რომელთა ნაწილი რენედან დადის, ნაწილი ჩობალაურიდან და სხვა სოფლებიდან, ნაწილი კი, ადგილობრივია.

ჯგუფის წევრი, მე-8 კლასელი ალან ხოხაშვილი სკოლაში რენედან დადის. ნანა - ნიგოზელია; თაკო კი, - ჩობალაურიდან. ისინი კლასელები არიან და ჯგუფშიც ერთად მოხვდნენ. სასკოლო საგნებს საქართველოს ეროვნული პროგრამით გადიან. ქართულ ენაზე შესანიშნავად საუბრობენ და წერენ.

ზაირა გოგოლაევი - ცხოვრობდა დიდი ლიახვის ხეობაში. მეუღლე 2008 წლის აგვისტოში სოფელში დარჩა და დაიღუპა. წარმოშობით ცხინვალელი. ახლა წეროვანში ცხოვრობს

ზაირა გაგლოევი - ცხოვრობს წეროვანში. დევნილია დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბეთიდან. წარმოშობით ცხინვალელია. მეუღლე 2008 წლის აგვისტოში სოფელში დარჩა და დაიღუპა. 

,,სანაკოევის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ოსური ენის პროგრამა 6-წლის წინ დაიწყო. ამაში ძალიან გვეხმარება განათლების განყოფილების ხელმძღვანელი სოსო ცოტნიაშვილი, მისი მოადგილე ზარინა კოკოევი. სახელმძღვანელოები ჩვენ თვითონ შევადგინეთ. ძალიან გვეხმარება თბილისის უნივერსიტეტის ოსური კულტურის ცენტრის წარმომადგენელი, ქალბატონი ნაირა ბეპიევი“ - ამბობს ზაირა გაგლოევი.

მისი თქმით, ოსურ ენას ადგილობრივი ქართველებიც სწავლობენ. ,,ეს ერთმანეთთან ურთიერთობაში და დამეგობრებაში ეხმარება. ამ პროგრამის იდეაც სწორედ ერთმანეთის პატივისცემა და უკეთ დაახლოებაა“ - აცხადებს ზაირა გაგლოევი.

ამ სოფლებს 90-იანი წლების კონფლიქტი თითქმის არ შეეხო. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა ჩრდილოეთ ოსეთში წასულიყო. ამჟამად, მათი ნაწილი დაბრუნდა. ის, ვინც ვლადიკავკაზში დამკვიდრდა და მუშაობა დაიწყო, განსაკუთრებით, ახალი თაობა, ნიგოზას თემის სოფლებში ნათესავებთან სტუმრად მიდიან.

,,განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი და, ზოგადად, მთავრობა ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს. სკოლა გარემონტებულია, წიგნებიც უზრუნველყოფილი ვართ და ყველა პირობაა იმისა, რომ ბავშვმა ხარისხიანი განათლება მიიღოს. მეზობელი სოფლებიდან ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება და გადაადგილებაში პრობლემა არასდროს შექმნიათ. „ - ამბობს სკოლის დირექტორი ლედი მიდელაშვილი.






რენელ ალანს ელოდებიან ჩობალაურელი თამთა და ნიგოზელი ნანა





ალისა და ალანი ოსურად საუბრობენ. ისინი ერთმანეთს ესალმებიან. ალისა ალანს ეკითხება, თუ რა გაკვეთილები მისცა მასწავლებელმა





ალანი ლექსს ამბობს ,,სიზარმაცეზე" - რომ დილით ადრე უნდა ადგეს, გაკვეთილებზე არ დააგვიანოს და კარგად ისწავლოს





მარიამის ლექსი დედაზეა - რომ დედა არ უნდა გააბრაზონ




მათეს ლექსი წიგნებს ეხება - რომ წიგნი სინათლეა, ცოდნის დედაა




ლალიკოს საბავშვო ლექსი ბარაქიან შემოდგომაზეა; რომ ბევრი მოსავალი მოვიდა, მინდვრებში ძალიან ბევრი თივაა და ძროხებს უხარიათ. ანნას ლექსი კი, ცივ ქვეყნებში გაფრენილ ფრინველებზეა




თაზოს ლექსი კატაზეა, რომელიც სახლში მხიარულობს და მღერის



ირინას ლექსი გაზაფხულზეა; რომ დნება ყინული და თოვლი. ბიჭი იჭერს პეპელას, რომელიც ეხვეწება, რომ გაათავისუფლოს



ნანას ლექსი საქართველოზეა; რომ სამშობლო ყველას უნდა უყვარდეს, ერთიანი და ძლიერი

ენის საკითხი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2015-16 წწ. შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლება, სახელდობრ ოსური, ასურული, უდიური, ქურთული (კურმანჯი), ავარული (ხუნძური).

მაგალითად, ჯერ კიდევ, 2014 წლის იანვარში, უჩა ნანუაშვილის ინიციატივით, სახალხო დამცველის აპარატთან დაარსდა საკონსულტაციო, მუდმივმოქმედი საბჭო ოსური ფორუმი, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ოსური თემის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს აერთიანებს და რომლის მიზანიც არის ეთნიკურად ოსი მოქალაქეების უფლებების დაცვა, შეიარაღებული კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენა და ამ მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.

ოსური ფორუმის მუშაობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოკვეთა, მაგრამ ყველაზე მწვავედ მაინც განათლების საკითხი დგას. კონკრეტულად კი: 1. მშობლიური ენის სწავლების პრობლემა

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-4-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე.“ ამასთანავე, „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენციის მე-14 მუხლის 1 პუნქტის თანახმად „მხარეების იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება ისწავლოს მისი უმცირესობის ენა“. 

,,აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტის ხელშეწყობით, ოსური ენის შემსწავლელი წრეები შეიქმნა თბილისის 98-ე საჯარო სკოლაში, კასპის რაიონის სოფ. ნიგოზას, სოფ. წეროვანისა და გორის მე-5-ე საჯარო სკოლებში. 2008 წლიდან კი, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში. თუმცა, ვერ ხერხდება, სკოლებში ოსური ენის, როგორც საგნის სწავლება, რადგან დღემდე არ არსებობს ოსური ენის სწავლების სახელმწიფო სტანდარტი." - აღნიშნავს სახალხო დამცველი თავის ანგარიშში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები