ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში თავმჯდომარემ მოადგილეზე მეტი ხმა მიიღო
დღეს, გორში, ქალაქისა და თემის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ყველა წარმომადგენელი გამოცხადდა.

საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭის ყრით აირჩიეს თავმჯდომარე და მოადგილე. პირველ პირს დავით რაზმაძეს 40-წევრიან საკრებულოში 33-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ერთი ბიულეტენი გაბათილდა, ხოლო დანარჩენებმა (6 წევრი) მონაწილეობა არ მიიღეს.

რაც შეეხება მის მოადგილეს, მარლენ ნადირაძეს, მას მხარი 32-მა დეპუტატმა (ფაქტობრივად, ,,ქართული ოცნების" სრული შემადგენლობის ოდენობა) დაუჭირა მხარი. გაბათილდა 3 ხმა, ხოლო ,,ნაციონალებმა" მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.

სხდომა გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა გახსნა. მან დეპუტატებს 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და არჩეული წევრების ვინაობა გააცნო.

შემდეგ სხდომის წაყვანა, თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესს წევრს ჯემალ დუდაშვილს სთხოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები