ახალი ამბები
,,ორმაგი" მოქალაქე ზარდიანთკარში ,,უკონტროლო ზონაში“ ცხოვრობს
,,მწვანე ღობის“ ჭიშკართან, ხელჩუას მხარეს, რუსი სამხედროები შემოდგომის ყვავილებისგან გზას ცოცხით ასუფთავებდნენ. ღობის აქეთ კი, ზარდიანთკარისკენ, კაკლის ქვეშ კიაზო გობოზოვი იჯდა.

93 წლის კიაზო გობოზოვი სოფელ ზარდიანთკარში უკონტროლო ზონაში ცხოვრობს. მისი საცხოვრებელი სახლი რუსეთისა სასაზღვრო ძალებისა და ქართული პოლიციის საგუშაგოებს შორის მდებარეობს. 300 მ-იან მონაკვეთში 10-მდე სახლია მოყოლილი. ამ ტერიტორიაზე ყოფნას ეთნიკური ქართველები, უსაფრთხოების მიზნით, ერიდებიან და ისინი გორში, პირველ საბავშვო ბაღის შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობენ. ეთნიკური ოსები კი, ადგილზე დარჩნენ. მათ ნაწილს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ მოქალაქეობა მიანიჭა, მათ შორის, კიაზო გობოზოვს, რომელიც პენსიას ცხინვალშიც იღებს.

ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი მოდის. 



<<,,100 ყუთი გამომივიდა ყურძენი და დავწურე. მარტო ვცხოვრობ. მეუღლე 9-თვის წინ დამეღუპა. ზევით სასაფლაოზეა დაკრძალული და ხშირად ვერ ვახერხებ ასვლას.">>


სახლი შვილებისა და შვილიშვილების გარეშე

ჩვენი მასპინძელი სახლში მარტო ცხოვრობს. უბანი დაგვათვალიერებინა და მისი შვილის სახლიც გვაჩვენა.

,,ჩემი შვილის სახლს ვპატრონობ. ერთი ბიჭი ცხინვალში ცხოვრობს, მეორე რუსეთში. შვილიშვილებიც ნაწილი ცხინვალშია. მეორე ბიჭის შვილი კი, ვლადიკავკაზშია. მოდიან ხოლმე და მნახულობენ. გუშინ ბიჭმა ცხინვალიდან შეშა მომიტანა, ზამთარს იოლად გავალ. დენიც და გაზიც მაქვს“ - გვითხრა კიაზო გობოზოვმა.

ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გორის მუნიციპალიტეტიდან მიეწოდება. ამის თაობაზე მასალა ჯერ კიდევ 2015 წელს მოვამზადეთ. ამ შემოდგომით ხეივანიდან ყურძენიც მოკრიფა:

,,100 ყუთი გამომივიდა ყურძენი და დავწურე. მარტო ვცხოვრობ. მეუღლე 9-თვის წინ დამეღუპა. ზევით სასაფლაოზეა დაკრძალული და ხშირად ვერ ვახერხებ ასვლას. ჩემი შვილები და შვილიშვილები ყველანი ღობის იქით ცხოვრობენ“ - ამბობს ბატონი კიაზო და ყურძენზე დაგვპატიჟა. ოთხი მტევანი მოვწყვიტე, მისი შვილის კარ-მიდამოსაც გადავხედე. ეზო ცოტა გაბალახებული იყო. რამდენიმე სკა იდგა, ეტყობოდა, რომ დიდი ხანია ამ სკებში ფუტკრის ოჯახი აღარ ცხოვრობს.

,,ეხლა, აქ სამი ოჯახი დავრჩით. ეს გენადიც დააკავეს. უთხრეს რუსებმა, ნუ გადმოხვალ გრანიცაზეო, არ დაიშალა, მაინც გადავიდა ცხინვალში ცოლ-შვილთან და კიდევ დააკავეს. ეს მეორე ოჯახი ხან აქ არის, ხან მიდის. ფაქტიურად, მარტო ვარ რა“ - გვიყვება და თან იმ სახლებს გვიჩვენებს, რომელიც მიტოვებულია.

,,ეს ხალხი ელოდება შერიგებას, მაგრამ რა ვიცი, შერიგდებიან? ღმერთმა ქნას.“ - გვითხრა და საყვედურიც მოაყოლა, ყურძენი რომ ბევრი არ მოვწყვიტე, ეგ რას გეყოფაო.




<<ვისაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტი აქვს, მწვანე ღობესთან ჭიშკარს უღებენ. ეს მაშინ, როდესაც ხელჩუაში ცხინვალის ავტობუსი მოდის.>>


ორად გაყოფილი სოფელი

სოფელ ზარდიანთკარში ქართული პოლიცია რუსეთის სამხედროების საგუშაგოდან 300 მ მანძილზე დგას. ქართული პოლიციის საგუშაგომდე ზარდიანთკარში ეთნიკურ ქართველებთან ერთად, ეთნიკური ოსებიც - ბესტაევებიც ცხოვრობენ. სოფელში ამჟამად სარწყავი არხის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი ასფალტი მერეთიდან ამ ზაფხულს დააგეს.

,,ყურადღება არ გვაკლია, მაგრამ საცხოვრებელი სახლები მაინც დაზიანებული რჩება. გვპირდებიან, რომ მასაც გაგვიკეთებენ და იმედი გვაქვს, რომ გაგვიკეთებენ. ამ სახლებს ბუნებრივი აირისგან მაინც ვერ ვათბობთ. ისევ შეშა გვჭირდება“ - გვეუბნება ნაზო ტერაშვილი. მისი თქმით, პოლიციის საგუშაგოს მიღმა, უკონტროლო ზონაში დარჩენილ ბატონ კიაზოს და სხვებს ყურადღება არ აკლიათ.

,,კიაზო სულ აქ არის. არსად მიდის. სხვები მოდიან ხოლმე ზაფხულში. მერე ისევ მიდიან. იმ დღეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაჭირდათ, ჩვენმა პოლიციამ შეუშვა და დაეხმარნენ. ფაქტიურად, ყველაფრის ხელმისაწვდომობა აქვთ, მაგრამ მაინც ცუდია, როცა ასე ახლოს ხარ ამ გამყოფ ხაზთან." - ამბობს ნაზო ტერაშვილი.

ზარდიანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 173 ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის 35% ეთნიკურად ქართველი. 90-იან წლებში საომარი მოქმედების გამო ოსი ეროვნების მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა, თუმცა გარკვეული ნაწილი 1997 წელს დაბრუნდა. მათი სახლები, ვინც არ დაბრუნებულა, დღემდე მიტოვებულია. აქედან გამომდინარე 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დემოგრაფიული სურათი შეიცვალა. 117 მოსახლიდან 68% ქართველი, ხოლო 32% ოსი ეროვნების მოქალაქე იყო.

2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სოფელი ძირითადად უკვე ქართველებმა დატოვეს. მხოლოდ 2012 წელს მოხდა უკან დაბრუნება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები