ახალი ამბები
17-წლის თორნიკე ბაღაშვილს მკვლელობამდე მუქარის შემცველი წერილები მისდიოდა
17-წლის თორნიკე ბაღაშვილის მკვლელობაში მისივე თანაკლასელი და მეგობარია ბრალდებული. 2 დეკემბერს მომხდარ ფაქტზე ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონი ამოიღეს. ტელეფონზე არასრულწლოვანს მუქარის შემცველი წერილები მისდიოდა და საქმის გასარჩევად იბარებდნენ. დაპირისპირება და მკვლელობა სოფლის განაპირას მოხდა.

ინფორმაციას, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, kutaisipost.ge ავრცელებს. სააგენტოს ჟურნალისტები გარდაცვლილისა და ბრალდებულების ახლობლებს შეხვდნენ. ახლობლებისთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა თორნიკეს მკვლელობა, თანაც მისი მეგობრისა და ყოფილი კლასელის ხელით.

ბოლო შეტყობინება, რომელიც გარდაცვლილმა ბრალდებულისგან მიიღო, მუქარის შემცველი იყო. ბრალდებული მას ლანძღავდა და ქუთაისში შეხვედრას სთხოვდა. გარდაცვლილის უარის შემდეგ, ალტერნატიულ ადგილად, სოფლის განაპირა მინდორი შეარჩია.

საქმის გარჩევა, რამდენიმე დღით ადრე, დაკარგულ მობილურ ტელეფონს უკავშირდებოდა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, გარდაცვლილი და ბრალდებული ორ გოგონასთან ერთად, ქუთაისში სეირნობდნენ. ერთ-ერთმა გოგონამ მობილური ტელეფონი დაკარგა და მის მოპავაში ეჭვი ბრალდებულზე მიიტანა.

"ემუქრებოდა, ლანძღავდა, რატომ უთხარი იმ გოგოს სად ვცხოვრობო. ძალიან ბინძური სიტყვებით ლანძაღავდა. ეს რომ მცოდნოდა, როგორ გავუშვებდით. მერე გავიგეთ, რომ თურმე მის მეგობარს ტელეფონზე მოუწერია, შემხვდი, საქმე გავარჩიოთო." - ყვება გარდაცვლილის ბებია.

ნათესავები ყვებიან, რომ მეგობრებს შორის საქმის გარჩევა ხმამაღალი საუბრით დაიწყო. ამას ბრალდებულის მხრიდან გარდაცვლილის მისამართით გინება მოჰყვა. გინებით შეურაცხყოფილმა თორნიკემ მეგობარს ხელი გაარტყა. საპასუხო დარტყმის მერე 17 წლის მოზარდი ჩაიკეცა. "მგონი დამჭრეს", - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო. მეგობრებმა ის ჯერ ახლომდებარე სახლში გადაიყვანეს და 112-ზე დარეკეს. თუმცა, სასწრაფოს და პოლიციას არ დაელოდნენ. დაჭრილი თანასოფლელის ავტომობილით ქუთაისში წაიყვანეს და სამედიცინო დახმარების ჯგუფს გზაში შეხვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები