ახალი ამბები
49-წლის ბებია დედ-მამისგან მიტოვებულ ბავშვებს ზრდის
მამას ბავშვები, უკვე, ოთხი თვეა არ უნახავს, დედა კი, - იშვიათად გამოჩნდება ხოლმე. ალბათ, მაშინ, როდესაც საშუალება აქვს,  მიიტანოს რამე. გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი ბავშვი ბებიასთან (დედის დედასთან) იზრდება. ბებია, სულ რაღაც 49-წლისაა. 

საერთო საცხოვრებელი სოფლისგან მოშორებით მდებარეობს. კომუნისტების პერიოდში მეურნეობის თანამშრომლებისთვის, დროებით საცხოვრებლად აშენდა. მეურნეობის დაშლის შემდეგ, კორპუსი მუდმივ საცხოვრებლად იქცა. თავის დროზე, უხარისხოდ აშენებული შენობა, დღეს, თითქმის მთლიანად მოძველებულია. ბებია და ბავშვები ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობენ. მოძველებული იატაკის ფიცრები რამდენიმე წლის წინ, სახლის გასათბობად გამოიყენეს.

სააგენტო: ,,ბებია კარგად ზრდის ბავშვებს“

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ამ ოჯახს კარგად იცნობენ. ამის თაობაზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე ესაუბრა.

მისი თქმით, ოჯახი სოციალურ დახმარებას, ოთხივე წევრზე იღებს. გარდა ამისა, სოციალური სააგენტოს გორის ორგანიზაციის მუშაკებმა ბებიას სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, ბავშვების აყვანაც შესთავაზა:

,,ბებიას შევთავაზეთ, რომ ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ აგვეყვანა, თუმცა, ამის თაობაზე უარი გვითხრა, იმიტომ, რომ სურს, ბავშვები თავად გაზარდოს. ჩვენი მუშაკები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის შესთავაზეს. ბებია ბავშვებს არაჩვეულებრივად უვლის, კარგი ბებიაა და აღზრდასთან დაკავშირებით, პრეტენზიები თანამშრომლებს არ გასჩენიათ. სხვა სოციალურ პროგრამების განხორციელების დროს, ჩვენი თანამშრომლები ამ ოჯახს ყოველთვის


ითვალისწინებს,“ - ამბობს ტატა გამყრელიძე.

სახელმწიფო ზრუნვის პროგრამა

რა არის მინდობით აღზრდა ? მინდობით აღზრდა სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფაა.

მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: რომელიც არის ობოლი; რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად; რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა(თ), ჩამოერთვა(თ) ან შეუჩერდა(თ) მშობლის უფლება-მოვალეობები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, აქვს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა, რომლის ამოცანაა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება და მათი გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება.

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სიღატაკეში მყოფი ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ პირველად დახმარებას. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე? სამიზნე ჯგუფისათვის გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

რა თანხას შეადგენს ერთ ოჯახზე გაწეული დახმარება? ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

მოულოდნელი კეთილი სტუმრები

ამ ოჯახის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორში მცხოვრებმა ირმა მთიულიშვილმა აცნობა. ის ორი დღის წინ სოფელში იმყოფებოდა და საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,ქართველნის“ წარმომადგენლებთან ერთად ბავშვები და ბებია მოინახულა.

ირმამ წასვლამდე მეზობელს დაურეკა და გაარკვია, რომ ბავშვები საბავშვო ბაღში არ ყოფილან, რადგან წინა დღით გარეცხილი ტანსაცმელი გასაშრობი დარჩენიათ. ამ ოჯახში ყოფნის შთაბეჭდილებები ირმა მთიულიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

,, ვერ გააშრეს, რადგან შეშა არ ქონდათ. ბებია შეშის მოსაგროვებლად იყო წასული და პატარები მესამე კლასელ ბავშვს ყავდა ჩაბარებული. რკინიგზის ლიანდაგებთან მოგროვებული ფიჩხით სახლი ვერ გაეთბოთ. შესასვლელში ურიკაზე სველი ფიჩხი ეწყო. სახლი საკმაოდ ღარიბული, თუმცა დაკრიალებული იყო. ბებია მთელი ზაფხული ბარვაზე და თოხნაზე დადიოდა, რომ ბავშვებისთვის წვნიანი მაინც გაეკეთებინა. იმ ერთი ოთახიდან პირდაპირ აივანზე გასასვლელი კარია, რომელიც ერთი ხელის მირტყმით იღება, უმოაჯირო აივანია და ამ პაწაწუნებმა იციან, რომ არ უნდა მიეკარნონ. ოთახის იატაკი ცემენტმოსხმულია და აქა-იქ ისეთი ღრმულებია, უნდა დააკვირდე, რომ არსად ჩავარდე. არ ვიცი, ეს პატარები თავის თავს თვითონ ზრდიან და ერთმანეთზე აკრულები არიან. ალბათ სიცივე და შიში ერთდროულად აჟრიალებთ, სითბო კი ყველანაირი აკლიათ.“ - წერს ირმა მთიულიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები