ახალი ამბები
ლევან ბერძენიშვილი: ,,იქ, სადაც მამარდაშვილი დაიბადა, ლექციის წაკითხვა საამაყოა"
ძველ საბერძნეთში, თეატრში, ყველა მოქალაქე დადიოდა, ოღონდ, კარგად იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ბერძენი არ მიდიოდა იქ, ისე, უბრალოდ. ყველაფერი იცოდა, რაც იქ ხდებოდა. ეს იყო მისი განათლება, მითოსის ცოდნა...

ამ სიტყვებით, დღეს, გორში ლევან ბერძენიშვილმა აუდიტორიას მიმართა. მან, ანტიკური თეატრის წარმოშობის შესახებ, საჯარო ლექცია გორში წაიკითხა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას გორის თეატრის მსახიობებიც ესწრებოდნენ. ისინი უახლოეს ხანებში, სოფოკლეს ტრაგედიის ,,ანტიგონეს“ მიხედვით, სპექტაკლს დადგამენ. ანტიკური ეპოქის შესახებ საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა ყურადღება, სწორედ, თეატრის წარმოშობაზე გაამახვილა.

მსახიობი ლიკა კევლიშვილი ამბობს, რომ მას ინტერნეტში ლევან ბერძენიშვილის ლექციები არაერთხელ მოუსმენია:
,,თუმცა, ისევე, როგორც სპექტაკლი უნდა ნახოს ადამიანმა სცენაზე საკუთარი თვალით, ასევე, უნდა მოუსმინო ლევან ბერძენიშვილს პირადად. რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.“ - ამბობს მსახიობი.

ლევან ბერძენიშვილი გორში თეატრის ადმინისტრაციამ მიიწვია. მისი თქმით, აუდიტორია, საკმაოდ, მაღალი დონის იყო. დასძენს, რომ იქ სადაც ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი დაიბადა, ლექციის წაკითხვა საამაყოა.

თუ როგორ გაცოცხლდება ანტიკური ეპოქის თემა გორის თეატრის სცენაზე, ამის თაობაზე, გორელი მაყურებელი სპექტაკლის წარმოდგენისას იხილავს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები