ახალი ამბები
ქარელის სოფელ სამწევრისში 20-მდე ბავშვისთვის სკოლა დროულად ვერ ააშენეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით, სოფელ სამწევრისში ფინური ტიპის სასწავლო დაწესებულება დროულად ვერ ააშენეს. სამშენებლო ობიექტზე კომპანიის შესაბამისი სპეციალისტები აღარ მუშაობენ.

ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის, ,,სიემჯის" მიერ ადგილზე გაგზავნილი ბრიგადის მეთაური ამბობს, რომ ობიექტს ერთ კვირაში ტოვებს. ,,მე რაც მევალებოდა ის გავაკეთე, კარკასი გაკეთებულია, შიდა სამუშაოებს სხვები გააკეთებენ," - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ,,სიემჯის" წარმომადგენელია.

შენობის დასრულების ვადების შესახებ არაფერი იციან იმ ადამიანებმაც, რომლებიც ადგილობრივები არიან და ობიექტზე სამუშაოდ დაასაქმეს. კამერის მიღმა გვითხრეს, რომ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი ძველი სკოლის დემონტაჟის დაგვიანებამ გამოიწვია.

სამწევრისის ძველი სკოლის შესახებ რეპორტაჟი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთხელ მოამზადა. აღნიშნული სკოლა 80-იან წლებში აშენდა და ფინური ტიპის კოტეჟს წარმოადგენდა. სკოლაში სწავლისთვის არახელსაყრელი პირობები იყო. სკოლის დირექტორს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ახალი სკოლა 2017 წლის ზაფხულშივე უნდა აშენებულია.

აბრაზე, რომელიც სამშენებლო ობიექტის წინ დგას, წერია, რომ დამკვეთი საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოა, ხოლო ,,შემსრულებელი" მითითებული არაა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე სააგენტოსა და ,,სიემჯის" შორის რაიმე სახელშეკრულებლო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება.

2017 წლის იანვარში სკოლაში 14 ბავშვი ირიცხებოდა. დაწყებით სკოლას არ ჰქონდა მეორე კლასი. ამჟამად, ბავშვები სასკოლო ავტობუსით მეზობელ სოფელ კეხიჯვარში დადიან.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნუგზარ დაბრუნდაშვილი აცხადებს, რომ სკოლის დაგვიანებით მშენებლობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვთ. ,,ჩვენ არც პროექტის ავტორები ვართ და არც ზედამხედველობა გვევალებოდა. არც საქმის კურსში ვართ, რა ხდება." - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.

იხ. ამავე თემაზე:

სამწევრისის სკოლა ფინურ ძველ კოტეჯში (VIDEO)


Print

სტატიის გამოყენების პირობები