ახალი ამბები
პატრულის თანამშრომელს გიორგი კაპანაძეს ჯგუფურად სცემეს
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, გორის შს სამმართველოში მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობს. პოლიციას კონკრეტული პირის ბრალეულობა ჯერ არ დაუდგენია. დაზარალებული გიორგი კაპანაძე კი, საავადმყოფოდან სახლში, სოფელ ბერშუეთში გაწერეს.

გორის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი გიორგი კაპანაძე, გუშინ, საღამოს რესტორან ,,ნაჭარმაგევში" ცემეს. დაზიანებები სახის არეში მიიღო, რის გამოც ,,გორმედის" ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს.

ქირურგ მერაბ მაისურაძის თქმით, პაციენტს ყბის მოტეხილობა აღენიშნება, მდგომარეობა კი, ამჟამად, სტაბილურია.

გიორგი კაპანაძე რესტორანში მეუღლესთან და ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა. ცეკვის დროს, რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ დაარტყა, რაც შემდეგ ჯგუფურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირება გიორგი კაპანაძის მიერ გამოწერილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს უკავშირდება.

ამ ეტაპზე გამოძიება 239-ე მუხლით (ხულიგნობა) მიმდინარეობს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნისა და ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მუხლი შეიცვლება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები