ახალი ამბები
,,და მერე რა?" - სოკარის წარმომადგენლებისა და გორის მერის შეხვედრა
დღეს, გორის მერი კოტე თავზარაშვილი სოკარის წარმომადგენლებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შეხვედრა, გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ, დაგეგმა.

კაბინეტში სოკარის რეგიონული წარმომადგენელი გოჩა შანიძე და ამ კომპანიის შვილობილი კომპანიის ,,საქგორგაზის" მენეჯერი გოგი გრიგალაშვილიც იმყოფებოდნენ.

კოტე თავაზარაშვილის განცხადებით, ,,სოკარის" წარმომადგენლებს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პრეტენზიები გააცნო.

,,სემეკი გვპირდება, რომ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს. ჩვენ ამ საქმეში 100%-იანი მართლები ვართ' - ამბობდნენ სტუმრები.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის დეკემბერში ,,საქგორგაზმა" გორის მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი დაარიცხა. ამის თაობაზე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც ბუნებრივ აირს გასათბობად არც იყენებენ, 150 ლარზე მეტი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.

სემეკში ამბობენ, რომ განცხადებების განხილვა უკვე დაიწყო, თანაც ინდივიდუალურად. დავის დასრულებამდე ,,საქგორგაზს" უფლება არა აქვს თითოეულ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტოს. თანხები, წესის მიხედვით, 12 იანვრამდე უნდა დაიფაროს.

გოჩა შანიძე ამბობს, რომ 2017 წლის დეკემბერში იმაზე ნაკლები ბუნებრივი აირი დახარჯა გორმა, ვიდრე ეს 2016 წელს იყო:

,,სხვაობა გასული და წლევანდელი წლის დეკემბრის თვეებში მოხმარებულ აირის რაოდენობას შორის არის დაახლოებით 300 000 კბ.მ გაზი. რაც შეეხება ცალკე საყოფაცხოვრები მიზნით დახარჯულ ბუნებრივ აირს, ამის მონაცემები არ მაქვს" - აცხადებს გოჩა შანიძე.

გორის მერიის ხარჯები

გორის მერიისა და გუბერნატორის ადმინისტრაციას, ბუნებრივ აირზე, დეკემბრის თვის მონაცემებით, 16 000 ლარი აქვს გადასახდელი. ,,თუ იყო ნოემბერში მაგალითად 5 ათასი ლარი გადასახდელი, დეკემბრის თვეში 16 000 ლარი მოგვივიდა. რატომ მოხდა ეს, ჩვენც გვაინტერესებს" - აცხადებს გორის მერი.

უფრო მეტიც, 2016 წლის დეკემბერში ადმინისტრაციული შენობის ხარჯმა ბუნებრივ აირზე 9 ათასი ლარს მიაღწია, წელს კი, - 16 000 ლარს.

სტუმრების თქმით, თითოეული აბონენტი პასუხს მიიღებს, თუკი მიბრძანდება ,,საქგორგაზის" ოფისში და განცხადებას დაწერს. ხოლო ის აბონენტები, რომლებმაც საჩივრები დაწერეს, ,,სემეკის" გადაწყვეტილებას დაელოდნონ - ასეთი იყო მათი პასუხი.

რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, კერძოდ, ჭალის დასახლებაში მდებარე მერიის ადმინისტრაციის შენობის კომუნალურ ხარჯებს, ამის თაობაზე, ,,სოკარისგან" მერია დეტალურ ახსნა განმარტებას მოგვიანებით მიიღებს.

,,ჩვენ აქ არ მოვსულვართ პრესკონფერენციის გასამართად, ჩვენ მოვედით მერთან სასაუბროდ" - განუცხადეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები