ახალი ამბები
,,საქორგგაზის" წინააღმდეგ გორში 700-ზე მეტი საჩივარი დაწერეს
,,საქორგგაზის" წინააღმდეგ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში გორიდან 700-ზე მეტი საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა განუცხადა.

ნინო გიორგაძის თქმით, განცხადებების მიღება უკვე შეწყდა, რადგან აბონენტებს გადასახადის ვალდებულება 12 იანვრამდე ჰქონდათ.


ის აბონენტები, რომლებმაც საჩივრები 12 იანვრამდე დაწერეს, გადასახადს დავის დასრულებამდე არ გადაიხდიან, ხოლო მათ ვინც 12 იანვრამდე ვერ მოასწრეს საჩივრის დაწერა, იურისტების განცხადებით, დავის გაგრძელება შესაძლებელია. ოღონდ, ამ შემთხვევაში ,,საქორგგაზს" უფლება აქვს, გადასახადის არგადახდის შემთხვევაში, აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება დავის დასრულებამდე მაინც შეუწყვიტოს. 

გორში ,,საქორგგაზის" წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა 2017 წლის 29 დეკემბრიდან აგორდა. მოსახლეობას, ნოემბრის თვესთან შედარებით, გაორმაგებული და გასამმაგებული გადასახადი მიუვიდა. 700-ზე მეტი განცხადება სემეკში უკვე გადაიგზავნა. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, ენერგოომბუდსმენთან თანამშრომლებით, საჩივრების მიღება უზრუნველყო.

სემეკი გაარკვევს, კონკრეტულად, რამ გამოიწვია მოსახლეობაში გაზრდილი გადასახადის დარიცხვა, რადგან აბონენტების განცხადებით, ნოემბრისა და დეკემბრის რიცხვებში ამინდი არ გაუარესებულა და თანაბარი ოდენობის აირი გამოიყენეს.

ფოტოზე: საქორგაზის ხელმძღვანელი გოგი გრიგალაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები