ახალი ამბები
გორის სასულიერო სემინარიაში გამართულ ფესტივალს მეუფე ისაია დაესწრო
9-10 იანვარს, ,,ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის" გორის გიმნაზიაში ტრადიციული საშობაო ფესტივალი "გენეთლია" ჩატარდა. ფესტივალს ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მეუფე ისაიაც დაესწრო, რომელიც ბოლო წლებია მღდელმსახურებას ახალგორის რაიონში ახორციელებს, სადაც საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

სტუმრების შესახებ ინფორმაციას გორი-ატენის ეპარქია ავრცელებს.

წელს ფესტივალში მონაწილეობდნენ: ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, წმ. შალვა და წმ. ელიზბარის სახელობის სკოლა; ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია; თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა; თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი; წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია; ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა; ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი; ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა; გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია. ფესტივალს სტუმრობდა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), სასულიერო პირები მცხეთა-თბილისისა და შემოქმედის ეპარქიებიდან, სასწავლებლების ხელმძღვანელები, პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, წმ. ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წელს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები თემატიკაზე: ილია - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ხატვის კონკურსის მონაწილეებმა კი შეასრულეს ფერწერული და გრაფიკულო ნამუშევრები ილია ჭავჭვაძის ნაწარმოებების მიხედვით.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები სპექტაკლებით, ქორეოგრაფიული და მუსიკალური გამოსვლებით, ქრისტეშობის თემაზე შექმნილი კომპოზიციებით, საგალობლებისა და ფოლკლორული ნაწარმოებების შესრულებით მაყურებლებთან ერთად დღესასწაულობდნენ უფლის შობის დღეს. ფესტივალის სტუმრებმა და მასპინძლებმა დათვალიერეს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში მოწყობილი გორელი ხატმწერების მიერ შექმნილი ხატების გამოფენა და მოილოცეს ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი.

10 იანვარს გაიმართა ფესტივალის დახურვის საღამო. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი. ფესტივალის დასასრულს მეუფე ანდრიამ დააჯილდოვა კონფერენციისა და ხატვის კონკურსის მონაწილე მოსწავლეები, საჩუქრები გადასცა ფესტივალის სტუმარ სკოლებსა და მათ აღსაზრდელებს. დამშვიდობებისას გამომსვლელებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობა მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში და მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი მასპინძლობისთვის.



Print

სტატიის გამოყენების პირობები