ახალი ამბები
9-წლიანი ცხოვრება ავტოფარეხში ძაღლებთან ერთად
მეგი შარაშენიძე მე-9 წელია გორის ავტობუსების ავტოფარეხში ცხოვრობს. 3-წლის წინ ბინა დარაჯის ოთახში მოიწყო. მანამდე, 5-წლის განმავლობაში, ადმინისტრაციის შენობის ერთ-ერთ ოთახში იყო, რომელიც დაანგრიეს. ნივთები დარაჯის ოთახში გადაიტანა.

ოთახში ერთი საწოლი, მაგიდა, რამდენიმე სკამი და ღუმელი დგას. შეშა ერთი კვირის წინ გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა მიუტანა. დაპირდა, რომ შესაბამის ყურადღებას მიაქცევს. შეხვედრაც დაგეგმილი აქვს, თუმცა ამ ფორმით მისვლა ერიდება.

მეგი შარაშენიძესთან ერთად, ამჟამად, 10-მდე ძაღლი და კატაა. ის 2004-2009 წლებში გორის გამგეობის კანცელარიის თანამშრომელი იყო, მუშაობა ვარდების რევოლუციის შემდეგ, დაიწყო. 2009 წელს, მაშინდელმა გამგებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა. გარკვეულ თანამშრომლების პირადი ინტერესის გამო, ის სახლში გაუშვეს.

,,მას შემდეგ სამსახური ვერ ვიშოვე. ერთი ბინა მქონდა, გავყიდე. თანხის ნაწილი ძმის ოპერაციისთვის დაგვჭირდა. დანარჩენ ნაწილს კი, ვხარჯავდი ნელ-ნელა. რაკიღა ერთი ამოვვარდი კალაპოტიდან, ფეხზე ვეღარ დავდექი." - ამბობს მეგი შარაშენიძე.



ის სოციალურად დაუცველი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, თვეში 60 ლარს იღებს. თანხის დიდ ნაწილს ძაღლებისა და კატების კვებისთვის ხარჯავს. ჰყავს ძმა, თავისი ოჯახით, რომელსაც ასევე არ აქვს სამსახური.

,,თავიდან ერთი ძაღლი ავიყვანე, გავზარდე. შემდეგ, თანდათან მომრავლდნენ. მთელი დღე მათთან ერთად ვატარებთ დროს. ძალიან ძნელია ასე ყოფნა, მე თვითონაც ვხვდები და არ მინდა, მაგრამ ვერაფრით დავდექი ფეხზე, ჩემზე ძალიან იმოქმედა მაშინ სამსახურის დაკარგვამ." -  იხსენებს მეგი შარაშენიძე. 

კამერის მიღმა 9-წლის წინანდელი, სპეციალურად მის შესახებ გამართული ,,გამგეობის სხდომა" გაიხსენა, სადაც მისი პირადი ცხოვრების დეტალები განუხილავთ: ,,ჩემზე ძალიან მოქმედებს ადამიანის დამოკიდებულება. დამაკვირდებიან და შემდეგ ვფიქრობ, რის გაგებას ცდილობენ. ამ ფიქრებში რომ წავალ, შემდეგ უკვე გული ცუდად მიხდება. ჯანმრთელობის მხრივაც უკვე პრობლემები მაქვს. ძალიან გამიჭირდება მარტო ამ ყველაფრის გამკლავება, არ დავმალავ და ფსიქოლოგთან საუბარიც ძალიან დამეხმარება. მშობლებიც აღარ მყავს" - ამბობს მეგი.

ძმის ოჯახის წევრები ,მეგი შარაშენიძეს მუდმივად სთავაზობენ მათთან ცხოვრებას, მაგრამ უარს ამბობს. ძაღლებს ვერ თმობს,

დღეს მასთან ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გიგაური და მაია მურადაშვილი მივიდნენ. მიუტანეს პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები. ირმა მთიულიშვილის თქმით, ის პირადად მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მეგი შარაშენიძეს ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად.


Print

სტატიის გამოყენების პირობები