ახალი ამბები
ერგნეთში ლილი ბესტაევმა დათო ტურაშვილს ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი" აჩუქა
ლილი ბესტაევი-კასრაძეს ომის დროს მიღებული ტრავმა დღესაც აწუხებს. ის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა მებრძოლებმა 10 წლის წინ სცემეს, მხოლოდ, იმის გამო, რომ ეთნიკურად ქართველი ოჯახის წევრია. მისი ბიძა, პოეტი გიორგი ბესტაევი (ბესტაუთი) ოსურად ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსნის" ავტორია. ლილი ბესტაევმა წიგნი ქართველ მწერლებს, დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს და რატი ამაღლობელს ერგნეთში აჩუქა.

შეხვედრა ,,ომის მუზეუმში" გაიმართა, რომელიც ადგილობრივმა მკვიდრმა ლია ჩლაჩიძემ დააფუძნა. ლილი ბესტაევი ამ მუზეუმის საპატიო სტუმარია. ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ მუზეუმის დაარსების იდეაც, სწორედ, ომისგან მიღებული შედეგების გაანალიზებას ისახავს მიზნად. ,,ამ ომმა ორივე მხარეს დიდი ტკივილი მიაყენა. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს, თუ რა მოაქვს ომს," - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

სტუმრები რეგიონებში სპეციალური მისიით მოგზაურობენ. ,,მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის" - ასეთია თანამედროვე ქართული ლიტერატურის წარმომადგენლების შეხვედრების იდეა. ერგნეთში არ დავიწყებიათ ომის მთავარი მონაწილე სახელმწიფოს, რუსეთის როლის გახსენებაც, რომლის გავლენა, მენტალური თვალსაზრისით, კვლავაც ძლიერია ქართულ საზოგადოებაში.

,,თუ ჩვენ არ განვვითარდებით, ჩვენი სახელმწიფო არ გაძლიერდება, აგერ ორ ნაბიჯზე მყოფი ქვეყანა შეგვისრუტავს და სულიერადაც გაგვანადგურებს," - ამბობს ლაშა ბუღაძე.

ომის მუზეუმში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებიდან სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც იმყოფებოდნენ. მათ მოისმინეს ლექცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს რეალურად ევროპული ღირებულებები და როგორ დაიცვან თავი პროპაგანდისტული, პრორუსული პოლიტიკისგან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები