ახალი ამბები
პარიზში ზეინაბ მეტრეველის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
პარიზში მწერალ ზეინაბ მეტრეველის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ქართველთა სათვისტომოს წევრები დაესწრნენ.

,,დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართულ სათვისტომოს პარიზში, განსაკუთრებით ჩვენს დესპანს გოჩა ჯავახიშვილს და მამა ანტონს, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საღამოზე დასასწრებად დრო გამონახა" - წერს სოციალურ ქსელში ზეინაბ მეტრეველი.

ზეინაბ მეტრეველი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში დაიბადა. დაოჯახდა სოფელ მეჯვრისხევში. ერთ-ერთი შვილი პარიზში, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს. პირველი ლექსი მეოთხე კლასში სწავლის პერიოდში დაწერა. რომანებიდან განსაკუთრებით ცნობილია 2004 წელს გამოქვეყნებული - ,,საყრდის ჩიტები".

,,რომანში სამაჩაბლოს იავარქნილი სოფლის ცხოვრებაა ასახული, იქიდან აყრილი ადამიანების გარეშე ჩავლილი ცხოვრება, ომის ნამუსრევი, მიტოვებული სახლები და სოფლის კერას შერჩენილი ერთი მესაფლავის – იოსებას ამბავი, რომელიც ჯერ თავის თავში აღადგენს დანგრეულს და მერე თავის გარშემო ქმნის იმ მოჩვენებით მშვიდობას, რომელშიც მოგონილი სიგიჟის წყალობით ცოცხლად რჩება მტრების გარემოცვაში." - აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში ზეინაბ მეტრეველი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები