ახალი ამბები
გორის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის დირექტორი ,,გორმედის" მონაცემებს არ ეთანხმება
მიუსაფარი ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობის შესახებ, ,,გორმედის" წარდგენილ სტატისტიკას გორის თავშესაფრის დირექტორი არ ეთანხმება. ამის თაობაზე, თამარ აფციაურმა წერილობითი დოკუმენტაცია საავადმყოფოდან ოფიციალურად გამოითხოვა.

მისი თქმით, 1 მარტიდან 12 მარტის ჩათვლით, მიუსაფარი ძაღლების მიერ, დაკბენილია, მხოლოდ, 4 ადამიანი, დანარჩენი - შინაური ძაღლებისგან.  თამარ აფციაურის თქმით, ძაღლებისგან დაკბენილი პაციენტების რაოდენობა სულ 49-ს აღწევს, აქედან 4-ია მიუსაფარი ცხოველებისგან, 45 კი, - პატრონიანი ძაღლების მიერ.

10 მარტს ,,გორმედის" ანტირაბიული სამსახურის წარმომადგენელი დავით გასიტაშვილი ამბობდა, რომ 1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, ძაღლისგან დაკბენის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა მიუსაფარი ცხოველისგან, ხოლო დანარჩენი 14 შინაური ძაღლისგან მიყენებულ დაზიანებებს უკავშირდება.

,,სააღრიცხვო ჟურნალიდან ასე ამოიკითხა დავით გასიტაშვილმა, რომ ათ დღეში 22 მიუსაფარი ძაღლისგან დაიკბინა მოქალაქეები," - აცხადებენ ,,გორმედში".

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ორივე მხრიდან წარდგენილ მონაცემებს ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ. ,,მონაცემები წარმოდგენილი იქნება თვის ბოლოს და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ციფრებზე." - აცხადებს მარინა გიუნაშვილი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირეტორი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები