ახალი ამბები
,,ცოცხალი წიგნების" მონაწილეებმა გორსა და ნიქოზში შეხვედრები გამართეს
დღეს, პროექტის „ცოცხალი წიგნები - 2018"-ის მონაწილეებს ნიქოზის საჯარო სკოლამ და გორის მწერალთა სახლმა უმასპინძლა. ორგანიზაცია ,,პოეზიის მეგობართა კლუბის" წარმომადგენლებმა - მარიამ წიკლაურმა, ცირა ბარბაქაძემ, მიხო მოსულიშვილმა, ცირა ყურაშვილმა, ბაჩო კვირტაიამ, გიორგი კაკაბაძემ და თამარ ფხაკაძემ მოსწავლეებს, მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

,,პოეზიის მეგობართა კლუბი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მეოთხე წელია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. მისი ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, ხოლო კოორდინატორი - მარიამ წიკლაური.

,,ცოცხალი წიგნები" გულისხმობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, მწერლები აწარმოებენ დღიურებსა და ჩანაწერებს. „მწერლის დღიურები“ წიგნად გამოიცემა.

გორის მუნიციპალიტეტში პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს გორის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმე უწევენ ორგანიზებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები