ახალი ამბები
ვერხვების დევნილთა დასახლებაში თუნუქის ფურცლები კენჭისყრით გაანაწილეს
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ ოჯახებს თუნუქის ფურცლები კენჭისყრის შედეგად დაურიგეს. ამის შესახებ ადგილობრივები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრნენ. მათი განცხადებით, სახურავებისთვის განკუთვნილი მასალა ქურთას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საკუთარ სტრუქტურულ ერთეულს დაქვემდებარებულ მოსახლეობის, მხოლოდ, 30%-ს მისცეს.

ამის მიზეზად არასაკმარისი თანხები ნაწილდება, რომლითაც თუნუქის ფურცლების შესყიდვა სრულად ვერ განხორციელდა. სამშენებლო მასალის განაწილება კი, კენჭისყრით გადაწყვიტეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სხვა ოჯახები მომავალი წლისთვის მიიღებენ.

სამაგიეროდ, თუნუქის ფურცლები სრულად მიიღეს პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილებმა. ერედვის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა საკუთარ მოსახლეობას საჭირო მასალა მთლიანად გადასცეს. ანალოგიურად, გადაეცათ ფრონეს ხეობიდან დევნილებს.

დევნილებმა კოტეჯების სახურავების შესაცვლელად მუშა-ხელი თავად უნდა დაიქირავონ. მშენებლებმა მათ განუცხადეს, რომ თითო ოჯახისთვის სახურავის გამოცვლა 200-დან 300 ლარამდე დაუჯდებათ. 9 წლის წინ აშენებულ კოტეჯების სახურავებს ფილები უკვე დაუზიანდა.

 

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები