ახალი ამბები
ყოფილი პიონერთა ბანაკი გარიყულაში (PHOTO/VIDEO)
გარიყულაში ყოფილი პიონერთა ბანაკის შენობა და ეზო ადგილობრივმა მოქანდაკემ, გიორგი წერეთელმა მოაპირკეთა. ის ამ ეზოში სამი წელია მუშაობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაასრულა და შედეგები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გააცნო.

მისი თქმით, ქვებს თეძმის ხეობაში პირადად არჩევს. მდინარე თეძმის კალაპოტში სხვადასხვა ფერის ქვები მოიპოვება.

გიორგი წერეთელი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში დაიბადა. სკოლის პერიოდში მისმა ნახატებმა მაშინდელ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს შორის გამართულ სასკოლო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. ნახატების ავტორს ჯილდო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მისცეს. იმ პერიოდში მერვე კლასში იყო.

სწავლა სამხატვრო სკოლაში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ, ლენინგრადში, როგორც მოქანდაკემ, ის გააგრძელა მოღვაწეობა. ლენინგრადიდან დაბრუნების შემდეგ, 6 წელი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში იმუშავა. დიდგორის ველზე მემორიალურ ქანდაკებების მოწყობაში მერაბ ბერძენიშვილს, სწორედ, გიორგი წერეთელი ეხმარებოდა.

საბოლოოდ, ახალქალაქელი მოქანდაკე სოფელში დაბრუნდა და ამჯერად ქვით მოპირკეთების სამუშაოებს მიჰყო ხელი. მისი თქმით, ქანდაკებები აღარავის ჭირდება. ,,ახლა ძირითადად ითხოვენ მარნების გაკეთებას, ეზოების მოპირკეთებას. არა მარტო კასპის რაიონში, არამედ რაიონის ფარგლებს გარეთაც მიწვევენ," - ამბობს გიორგი წერეთელი.

რაც შეეხება ყოფილ პიონერთა ბანაკს, ტერიტორია 2008 წლის სექტემბერში გაიყიდა. თავდაპირველი მფლობელი იყო ვინმე პაატა ჩადუნელი. ტერიტორია თავისი ნაგებობებით ჩადუნელმა 2011 წელს მიჰყიდა დემურ მეზურნიშვილს. დემურ მეზურნიშვილმა, რომელიც კასპის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი მეზურნიშვილის ბიძაა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქონება 2015 წელს იპოთეკით დატვირთა და ამ თანხით თანამედროვე სტილის სასტუმროს მშენებლობას შეუდგა.

შენობა ერთაწმინდა-ნოსტე-რკონის გზაზე მდებარეობს, სადაც უამრავი ტურისტი მოძრაობს. ყოფილი პიონერთა ბანაკის ეზოში აშენებულია საკონფერენციო დარბაზი, მოწყობილია სკვერი თავისი ჩანჩქერებით. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები