ახალი ამბები
1 მარტიდან 15 მაისამდე გამყოფ ხაზთან საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარედ, 1 მარტიდან 15 მაისამდე, რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წევრმა მურატ ჯიოევმა ერგნეთში გუშინ გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზული პროვოკაცია თავიდან იქნა აცილებული, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა, გიორგობის დღესასწაულზე, 6 მაისს, აძვისის ეკლესიაში მისვლა გადაიფიქრეს:

,,ჩვენ ამის თაობაზე, საქმის კურსში სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლები ჩავაყენეთ და აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ქმედების განხორციელება იქნებოდა სხვა არაფერი, თუ არა პროვოკაცია. გვქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები 6 მაისს საზღვრის გადაკვეთას და აძვის ეკლესიაში მისვლას აპირებდნენ," - განაცხადა ჯიოევმა მედიასთან საუბრისას.

გორისა და ატენის ეპარქიის ადმინისტრაციას, 6 მაისამდე, მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია, რომ ისინი ოკუპირებულ აძვის ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარებას აპირებდნენ. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით, გიორგობის დღესასწაული აძვის სხვა ეკლესიაში აღნიშნეს, რომელიც არ მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები