ახალი ამბები
გიორგი ნადიბაიძეს 12 500 ლარის ერთპიროვნულად განკარგვის უფლება მისცეს
საქართველოს შესყიდვების სააგენტომ,  გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მისცა თანხმობა, 12 500 ლარის ერთპიროვნულად განკარგვის თაობაზე.

ამის შესახებ დოკუმენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მიაწოდეს. დოკუმენტის მიხედვით, კულტურის სააგენტოს დირექტორს უფლება მიეცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 12 500 ლარი საესტრადო გუნდს ,,ქუჩის მუსიკოსებს" გადაურიცხოს.

ნებართვის მიღებამდე გიორგი ნადიბაიძეს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება არ ჰქონდა, რადგან მომსახურების ღირებულება 5 000 ლარს ზევით სცილდებოდა.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ გააპროტესტეს, რაც კონცერტის ჩატარების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

კულტურის სააგენტოს უფროსის გიორგი ნადიბაიძის მიერ ხელმოწერილ, 11 მაისით დათარიღებულ ბრძანებაში წერია, რომ ,,ქუჩის მუსიკოსების" კონცერტი ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღის აღნიშვნას მიეძღვნება.

,,ახალგაზრდობისა და ტურიზმის სააგენტოს მიაჩნია რომ ამ მოკლე დროში არარეალურია ბაზარზე გაჩენილიყო რეალური ალტერნატივა" - აღნიშნავს ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავი გიორგი ნადიბაიძე.

იხ. დოკუმენტები
Print

სტატიის გამოყენების პირობები