ახალი ამბები
გორში კაფე ,,შანზელიზეში" ფერადკანიან სტუმარს ხელსახოცის ყუთი ესროლეს
გორის ცენტრში მდებარე კაფე ,,შანზელიზეში" ფერადკანიან სტუმარს აგინეს და შემდეგ ხელსაწმენდი ქაღალდების ჩასალაგებელი ყუთი ესროლეს. ამის თაობაზე, გორის პოლიციაში გამოძიება დაიწყო.

ინციდენტს, რომელიც გუშინ, 10 ივნისს მოხდა, კაფის ადმინისტრაცია ადასტურებს და ასევე ჰყავს თვითმხილველი.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლევან ბაინდურაშვილის თქმით, კონკრეტული ინფორმაციის გაცემისგან თავს შეიკავებს, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაცია. იგი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ყველაფერი იცის.

ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ დაახლოებით 40-წლამდე ასაკის მამაკაცი ჯერ გარედან იგინებოდა, რადგან სტუმარს შუშებიდან ხედავდა. შემდეგ შიგნით შევიდა და გააგრძელა შეურაცხყოფა, რაც ხელსახოცის ყუთის სროლით დამთავრდა.

,,იქნებოდა დაახლოებით 3 საათი, შუადღეს, ერთ-ერთ კაფეში მშვიდად ვსხედვართ მე და ჩემი დისშვილი, ვსაუბრობთ. შემოვიდა ფერადკანიანი სიმპატიური ახალგაზრდა თანმხლებ პირთან ერთად, შეუკვეთეს რაღაც და დასხდნენ. ამ დროს, შუშებიდან ვიღაც პიროვნება მათი მისამართით იგინებოდა. შემდეგ შემოვიდა კაფეში და იგივე გააგრძელა. ჯერ გინებით აიკლო ეს წყვილი. მიმტანი გოგოები გადაეფარნენ სტუმარ ბიჭს და შიგნით შეიყვანეს. ეს მთვრალი კაცი ეცა ხელსახოცის ყუთს და გაუქანა სტუმარს. სტუმარმა ჩანთა აიფარა სახეზე, რომ არ მოხვედრილიყო. მიმტანი გოგონები გადაეფარნენ და, როგორც კი ატყდა ყვირილი კაფეში, პატრულს დაუძახეთო, ეს ჩვენი რაღაცის დამცველი ძუნძულით გაეცალა აქაურობას." - გვითხრა თვითმხილველმა.

შს სამინისტროს ცნობით, პიროვნება იდენტიფიცირებულია, ფაქტისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია ჯერ მიცემული არაა, მიმდინარეობს მოქალაქეების და ადმინისტრაციის თანამშრომლების გამოკითხვა, ხოლო  დამატებით დეტალებს გვაცნობებენ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ:

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 36-წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც გუშინ კაფე-ბარ ,,შანზელიზეში" ფერადკანიანის მამაკაცის შეურაცყოფის ფაქტზე ფიგურირებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, 116-ე მუხლის საფუძველზე წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

სახდელის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

166 მუხლი: წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები