ახალი ამბები
გორის მერიის ცნობით მეჯვრისხევში მოვარდნილი წყლისგან 12 ოჯახი დაზარალდა
გორის მერიის ცნობით სოფელ მეჯვრისხევში დაზარალებული 12 ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისიის წევრები ინდივიდუალურად შესწავლიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა ოჯახები წუხელვე მოინახულეს. სამაშველო ჯგუფებმა დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყალი ამოტუმბეს. მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებმა კი, არხები გადაკეტეს. დაახლოებით 22 საათზე გორიდან წყლის საქაჩი მეორე მანქანაც წაიყვანეს.

გუშინ საღამოს სოფელ მეჯვრისხევში სეტყვა და წვიმა მოვიდა. უხვი ნალექი თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. სეტყვამ ხეხილი და ნათესების გარკვეული რაოდენობაც დააზიანა. წვიმის გადაღების შემდეგ სარწყავ არხებში სოფელ ღრომის ფერდობებიდან მოვარდნილი ნიაღვარი დაგროვდა. წყალი შემდეგ საცხოვრებელ სახლებში შევიდა.

,,სამაშველო სამსხურის თანამშრომლებმა წყლის ამოტუმბვა გვიან ღამით დაასრულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებული - გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, გორის ვიცე მერი გელა კაპანაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სოფელში ძლიერ წვიმასთან ერთად სეტყვაც მოვიდა და ნათესები დააზიანა. დაისეტყვა სოფელი ახალუბანიც. დილიდან მეჯვრისხევში ზარალის შემსწავლელი კომისია იმუშავებს." - აცხადებენ მერიაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები