ახალი ამბები
,,პროფესიონალში" შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერებმა შეკვეთილი სტატიები გამოქვეყნეს
ჟურნალ ,,პროფესიონალში" გორის, ქარელისა და ხაშურის მერების სარეკლამო სტატიები გამოქვეყნდა. ჟურნალში არ არის გამოქვეყნებული კასპის მერის სტატია, მის ნაცვლად მოადგილეს ინტერვიუა.

თითო სარეკლამო სტატიაში მერებმა ბიუჯეტიდან 800-800 ლარი გადაიხადეს. თანხა არ გადაუხდია გორის მერს.

იქ, სადაც რეგიონის გუბერნატორის, ასევე, ქარელის, გორისა და ხაშურის მერები საუბრობენ, რატომ არ გამოქვეყნდა კონკრეტულად კასპის მერის სახელით, მანუჩარ მერებაშვილის სტატია, ამის თაობაზე გვპასუხობს:

,,გადაწყვეტილება მერიის შიგნით გუნდურად მივიღეთ, რომ ჩემ მაგივრად, მუნიციპალიტეტის საქმიანობის მიღწევების შესახებ, ესაუბრა ზაზა მარიდაშვილს" - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი. ზაზა მარიდაშვილის სტატია გამოქვეყნებულია თებერვლის ნომერში, რომლის სტატიის სათაურშიც კი არ ფიგურირებს ,,კასპი".

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს:

ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა 800-ლარიან სტატიაში აღნიშნა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებად საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნა მიჩნეული.

სამწუხაროდ, მსგავსი მასშტაბის სამუშაოებს მუნიციპალიტეტი ათწლეულების განმავლობაში გახლდათ მოკლებული.

,,აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში ამ მიმართულებით 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც 2018 წელს დაიწყება, ქალაქ ხაშურში სასმელი წყლის და საკანალიზაციო ქსელის მოწყობაა. ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს და საორიენტაციო ღირებულება 100 000 000 ლარია. ამას გარდა, დაგეგმილია ე.წ. ზემო სერის პარკის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ლიტველ პარტნიორებთან ერთად, ე.წ. ღუდის დასახლებაში ვაპირებთ რეკრეაციული სკვერის მოწყობას, სადაც ალუბლების ბაღი გაშენდება და ველო-ბილიკები გაიმართება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მოხდება სურამის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, გზების მშენებლობა და ახალი ტურისტული მარშუტების დაგეგმვა. წელსვე იგეგმება სოფელ ცხრამუხაში არსებულ სტადიონზე სპორტსმენებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხოლო ,,ივერიის" ცენტრალური სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მუნიციპალური განვითარების ფონდთან. პროექტი უკვე მომზადებულია და მისი ღირებულება საერთო ჯამში 6 მილიონზე მეტს შეადგენს" - აცხადებს გიორგი გურასპაშვილი.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ მას პირველ რიგში საკადრო საკითხები ჰქონდა გადასაწყვეტი და უწყებაში დისციპლინა დასამყარებელი:

,,როდესაც გამგებლად დავინიშნე, მდგომარეობა არ იყო სახარბიელო. სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, დასასრულებელი იყო მიმდინარე პროექტები, მისახედი გახლდათ საერთო დისციპლინა და დასარეგულირებელი - ცენტრალურ მთავრობასთან შეთანხმებული სუბსიდირების საკითხები. სასწრაფოდ ჩავატარეთ საკადრო რეორგანიზაცია, ახალი გუნდით შევუდექით მუშაობას და შედეგებმაც არ დააყოვნა. წლების მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოასფალტდა 64 კილომეტრი სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის გზა. აშენდა 7 საბავშვო ბაღი, ხოლო 21 მათგანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რუისსა და დირბში გავმართეთ 2 ახალი სპორტული კომპლექსი, ხოლო ძველები საფუძვლიანად განვაახლეთ. მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გაზიფიცირებულ იქნა 32 სოფელი, ხოლო დარჩენილი 12 უახლოეს პერიოდში მიიღებს ამ მომსახურებას. შევაკეთეთ სარწყავი არხები, ხიდები და გაბიონები. მოვაწესრიგეთ გარე განათება. გავარემონტეთ და ყველანაირი ინვენტარით აღვჭურვეთ ქარელის კულტურის სახლი, რაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 1 000 000 ლარზე მეტი დაუჯდა." - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა აღნიშნა, რომ გორი სპორტული ქალაქია და შესაბამისად ეს მიღწევები აისახა კიდეც სპორტის სასახლის მშენებლობაში. გორის მერი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის გრანტის მოპოვების საკითხზე, რომლითაც გორის ცენტრში, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს:

,,დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წელს გორში დაგეგმილი ძირითადი პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას მოხმარდება. ქალაქში იგეგმება სამების, ნინოშვილის და თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია. მოხდება რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების შეკეთება, სანიაღვრე სისტემა ასევე მოწყობა რომელაშვილების ქუჩაზე. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიაანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის და სოფელ მერეთის, კოშკას და გუგუტიანთკარის საავტომობილო გზების ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, ვაპირებთ ფასადების რეაბილიტაციას, ქალაქის მთავარი ქუჩის და უნიკალური "ძველი ხიდის" ვიზუალურ რეაბილიტაციას. ამასთან ერთად, დღეისათვის ქალაქში ძალზედ აქტუალურია ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტზე მუშაობა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას, ცივილური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. პროექტის მიხედვით, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური თავშესაფრის შექმნა, კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფს, როგორც მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს." - აღნიშნავს კოტე თავზარაშვილი.

შესწორება: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში აღნიშნული იყო, რომ კასპის მერის მიერ შეკვეთილი ინტერვიუ არ გამოქვეყნდა, რის შემდეგაც კასპის მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ,,პროფესიონალში" გამოქვეყნდა არა თუ მერის, არამედ მისი მოადგილის ინტერვიუ. თუ რატომ, ამის თაობაზე კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ზემოთ განმარტავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები