ახალი ამბები
პროკურატურა იმ პირებს ასახელებს, ვინც არჩილ ტატუნაშვილი აწამა
საქართველოს პროკურატურამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, დავით გურწიევისა და ალიკ თაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინდა. ამის შესახებ დღეს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. განცხადებით მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფ ორ მოქალაქეს, თავისუფლება უკანონო აღუკვეთეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ წამებაში.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება.

2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ. და ლ.ქ. საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით და ლ.ქ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული. აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, ი.პ.-ს და ლ.ქ.-ს ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით - ი.პ. და ლ.ქ. გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გადაყვანამდე ლ.ქ. და ი.პ. დროებით გაათავისუფლეს, თუმცა შემდგომ კვლავ აღუკვეთეს თავისუფლება.

|ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ვინაიდან, ბრალდებულები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი თავს არიდებენ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები