ახალი ამბები
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
მეტეხში 31-წლის ნონა ტატანაშვილის ცხედარი დაკრძალეს. ის მშობიარობის დროს დაიღუპა. მშობლები სიმართლის გასარკვევად იწყებენ ბრძოლას. ,,ამჯერად, სხვისი შვილების გადასარჩენად“ - გვითხრა სოლომონ ტატანაშვილმა, გარდაცვლილის მამამ.

გვიან საღამოს ფეხმძიმე ნონა ტატანაშვილს მუცელი ასტკივდა. ის კასპის კლინიკა ,,მედალფაში“ მიიყვანეს. ორი დღით ადრეც ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მუცლის ტკივილს მალე გაუვლია.

,,ყველაფერი მშვიდად მიდიოდა. წინა დღესაც, ერთი კვირით ადრეც, მანამდეც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო თვითონაც და ბავშვიც. ექოსკოპიაც გადავუღეთ. ანალიზებიც ჩატარებული ჰქონდა. არანაირი საშიშროება ჩანდა. ოპერაციის დროს დაუშვეს შეცდომა,“ - ამბობს გარდაცვლილის მამიდა.

ოჯახს ექიმებმა უთხრეს, რომ პაციენტს საკეისრო კვეთა დაჭირდა, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავენ მშობლები. საავადმყოფოში პოლიციის გამოძახების შემდეგაც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ეზოში შეკრებილ ახლობლებს ეუბნებოდნენ, რომ მიმდინარეობდა ოპერაცია:

,,ეს იყო თეატრალური დადგმა. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა ბუნებრივ მშობიარობას და მაგ დროს დაუშვეს ექიმებმა შეცდომა. სასწრაფოდ, გამოიძახეს გამგე. კიბეებზე ავარდა და გზაში გაუკეთეს თათმანები. საკეისრო კვეთა დადგმული სცენარი იყო. არც იყო დაგეგმილი ამ ფორმით ოპერაცია. მთელი 5 საათი ამ სიტუაციაში ვიყავით. საავადმყოფოს ეზო პოლიციელებით გაივსო; თითქოს კატასტროფის ცენტრი გამოიძახეს, მერე თბილისში უნდოდათ გადაეყვანათ. მერე თბილისიდან სისხლი ჩამოგვატანინეს, ამ დროს კი, ჩემი შვილი უკვე გარდაცვლილი იყო.“ - იხსენებს სოლომონ ტატანაშვილი.



გარდაცვლილის მამიდა იხსენებს, რომ ერთი პერიოდი ექიმებმა მშობიარობის გართულება ტრომბს დააბრალეს. ,,როდესაც მივხვდით, რომ საქმე არ იყო კარგად, დედამ უკვე საავადმყოფოში შესვლა სცადა. ახალშობილიც ანახეს, რომელიც უკვე მოწესრიგებული ჰყავდათ:

,,ჩვენ ამითაც მივხვდით, რომ რეალურად მშობიარობა დიდი ხნის დამთავრებული იყო. ხოლო ოპერაცია დაჭირდათ იმის გამო, რომ ჩემ შვილს საშვილოსნო დაუზიანეს და სისხლდენა დაეწყო.“ - აცხადებს სოლომონ ტატანაშვილი.



საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ ,,მედალფადან“ მიღებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარეს:

"ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მუშაობენ და დაწყებული აქვთ სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. შემდეგ ეტაპზე საჭირო იქნება ჩვენი რეცენზენტების მხრიდან კლინიკური შეფასება და ვნა¬ხავთ რა დასკვნაზე გავალთ. ვიცით, რომ ეს იყო საკეისრო კვეთა, კვეთის შემდეგ განვითარდა სისხლდენა და ამას მოჰყვა გართულება. დანარჩენი დადგინდება პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდგომ. რამდენადაც ვიცი, საკითხის შესწავლაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია ცხედრის გაკვეთა განხორციელდა თუ არა,“ - განაცხადა რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა.

გარდაცვლილის მამა, სოლომონ ტატანაშვილი, როგორც აღვნიშნეთ, ფაქტის დეტალურ გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, ყველა ფაქტი და გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ გინეკოლოგმა შეცდომა ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დაუშვა და საკეისრო კვეთა არაფერ შუაშია: ,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები