ახალი ამბები
გუდაბერტყას ნამოსახლართან გადასახედი მოედანი, საველე ბილიკები და კაფე მოეწყობა
11 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ნაგებობა იხსნება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, არქეოლოგიური ძეგლის სიახლოვეს გადასახედი მოედანი მოეწყო, საიდანაც ვიზიტორებისთვის კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება.

მოედანზე ასევე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები. ამ ბანერებზე კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.

,,ახლო მომავალში, დამთვალიერებელთა მეტი ექსპრესიისთვის, გადასახედ მოედანზე ტურისტული ბინოკლიც განთავსდება, რაც ვიზიტორებს ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური სიახლოვით ვიზუალური ხედვის საშუალებას მისცემს. არქეოლოგიურ ობიექტზე მისულ ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესისა და მისი მიმდინაეობისას აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ." - აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.

პრეს-სამსახურის ცნობით, 2018 წლიდან სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვა ტურისტული- ინფრასტრუქტურული ელემენტებით კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე დაიწყებს მუშაობას. არქეოლოგიური საიტის ტერიტორიას ვიზიტორთა ცენტრი, სავალი ბილიკები და კაფე შეემატება. სამომავლოდ პროექტი ასევე მიცავს გუდაბერტყას ტერიტორიიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე ველო და საცხენოსნო ტურიზმის ტრასების მოწყობასაც.

არქელგიურ ძეგლზე ახალ ინფრსატრუქტურულ ობიექტს 11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გახსნიან.

პარალელურად, გუდაბერტყას ნამოსახლარზე გრძელდება არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც, რომელიც სააგენტოს დაფინანსებით უკვე მე-3 წელია გრძელდება. არქეოლოგ გოგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით დგილზე მიმდინარე გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის, ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი საკულტო ნაგებობა.შიდა ქართლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნამოსახლარზე, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ.XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე - ღუმელები, რიგ შემთხვევაში კი დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი.ქვედა ფენების გათხრებით კი გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი - თითქმის მთლიანი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. გათხრების დროს ასევე ნაპოვნია იმ პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში, რელიეფები.

გუდაბერტყას არქეოლოგიური ობიექტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები