ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ატარებს
შიდა ქართლში ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყეს.  ამ დროისთვის ვაქცინირებულია 150 000-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებულ პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით, შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით გადაცემა. ადამიანი ნოდულარული დერმატიტით არ ავადდება.

დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებები. რადგან დაავადება ძირითადად მწერების საშუალებით ვრცელდება, მისი პრევენციისათვის საკმაოდ ეფექტიანია მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარ სპეციალისტებთან, რადგან პრევენციული ღონისძიებების (ცხოველების დამუშავება მწერების საწინააღმდეგოდ და ვაქცინაცია) დროულად ჩატარებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები