ახალი ამბები
გუდაბერტყას ნამოსახლართან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ძეგლების ფოტოები გამოფინეს
დღეს, გუდაბერტყას ნამოსახლარს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ არქეოლოგიური გათხრების პროცესი დაათვალიერეს, რომელსაც არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.

არქეოლოგიურ ძეგლთან ბანერები განათავსეს, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ძეგლებია ასახული. ეთნოგრაფიული მუზეუმის ძეგლების კვლევის სპეციალიტი პაატა ბასიშვილი ამბობს, რომ უნიკალური მასალა თავის დროს კეხვის მუზეუმის თანამშრომლებმა შეაგროვეს. სოფელი კეხვი დიდი ლიახვის ხეობაში მდებარეობს და ამჟამად ოკუპირებულია.

რაც შეეხება საზაფხულო სკოლას, ის, მიმდინარე წლის 10 ივლისიდან, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყო.

,,10 დღის განმავლობაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ გააცოცხლონ ქართული ხალხური თამაშობანი, დაათვალიერონ ქალაქსა და რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ჩაერთონ სამუზეუმო საქმიანობაში, დაეუფლონ გიდის პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღონ ტურისტების სალექციო მომსახურებაში." - აღნიშნავენ მუზეუმის წარმომადგენლები.

იხ. ამავე თემაზე:

გუდაბერტყას ნამოსახლართან გადასახედი მოედანი, საველე ბილიკები და კაფე მოეწყობა


Print

სტატიის გამოყენების პირობები