ახალი ამბები
ქარელში 32-წლის მშობიარე ქალი ბავშვთან ერთად გარდაიცვალა
ქარელში მშობიარე ქალი გარდაიცვალა, მასთან ერთად, დაიღუპა ბავშვიც. 32-წლის ლალი ცხვედაძე მეხუთე შვილს ელოდებოდა.

შემთხვევა გუშინ ქარელის საავადმყოფოში მოხდა. საავადმყოფოს ხელმძღვანელი მიხეილ სარაული ამბობს, რომ მშობიარობის დროს, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ემბოლიას.

,,მაინც საბოლოო პასუხს ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც უკვე დანიშნულია. პაციენტი აღრიცხვაზე იყო თბილისში. ჩვენთან მხოლოდ საოპერაციოდ შემოიყვანეს" - აცხადებს მიხეილ სარაული.

სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, ემბოლიის დროს ვითარდება სისხლძარღვების სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით (თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით, სიმსივნური უჯრედებით ან ბაქტერიებით). ფილტვის არტერიის, თავის ტვინის არტერიებისა და კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების დახშობამ შეიძლება უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.

ლალი ცხვედაძე სამშობიარო ტკივილებით საავადმყოფოში დაახლოებით 02:30 წუთზე შეიყვანეს. ახლობლების თქმით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ლალი ცხვედაძე 3-ჯერ გახდა ცუდად.

გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა. უმცროსი შვილი 1 წლისა, უფროსი კი - 8 წლის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები