ახალი ამბები
მეგი ბიბილური: ,,დღეს გავიაზრე რომ 10 წელია ჩემს სახლში არ გამითენებია ღამე"
მეათე წელია 8 აგვისტოს ღამეს ვერ ვიძინებ... გული მაქვს გაგლეჯილი... დამძიმებული სულით ვფიქრობ, რამდენი რამ წაგვართვა ამ ომმა და როგორ დაგვიმახინჯა მომავალი ... დღეს გავიაზრე რომ 10 წელია ჩემს სახლში არ გამითენებია ღამე...

10 წელია ომის შედეგებით ვცხოვრობ და ჩემი ყველა ნაბიჯი, იმედი, საქმე, გადაწყვეტილება ამ ომს უკავშირდება... მშვიდობაზე ზრუნვა, ნდობის აღდგენაზე მუშაობა, ომის შედეგად დაზარალებულებზე ფიქრი... ცვლილებების იმედი... საინფორმაციო ომი...

წიგნი "ომის სხვა სახე", ბლოგი, გაზეთი "ქართლოსი", "რადიო ქართლოსის ხმა" სოციალური კამპანია "მე მახსოვს ჩემი სოფელი", ყოველწლიური სამშვიდობო და საპროტესტო აქციები, ექიმების დიალოგი, დევნილთა უფლებები, ომის შედეგად დაზარალებული ქალები, ახალგაზრდებთან მუშაობა, მედიაცია, სამშვიდობო პლათფორმები, საჯარო გამოსვლები, დეკლარაციები, ოკუპაციის მუზეუმები და კიდევ ძალიან ბევრი რამ, რომელიც ომისგან გამოწვეული უსამართლობის განცდის და შინაგანი პროტესტის ამოძახილია დღეს უკვე ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა...

ისეთი განცდა მაქვს, 10 წელია ჩაკეტილ წრეზე დავდივარ და რაც უფრო ვცდილობ დავივიწყო, მით უფრო მეტად ამოტივტივდება ხოლმე ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ომის ნაფლეთები, რომლებიც შიგნით ჩვენში არის დალექილი და სუროსავით მოდებულია მთელ სულში... რომელსაც ომისტრამვა ჰქვია და ძალიან ხშირად არვაღიარებთ ...

იცით, გადავიღალე ... ძალიან მინდა გავთავისუფლდე და აღარ მახსოვდეს წყეული აგვისტო... მინდა ბედნიერი ვიყო აგვისტოს ომისა და ტკივილის გარეშე ... მინდა აგვისტოს წითელი ყაყაჩოების მაგივრად ლამაზი ფერადი ყვავილებით და პეპლებით ვეგებებოდე...

მეგი ბიბილური
- 2008 წელს კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის დამფუძნებელი; ქართულ - ოსური ფორუმის დამფუძნებელი; 2012 წელს საქართველოს მედიაციის ცენტრის დამფუძნებელი.  წიგნის „ომის სხვა სახე“ ავტორი;

გაზეთის „ქართლოსი“ დამფუძნებელი და რადიოს „ქართლოსის ხმა“ რედაქტორი;  2013 წლიდან კოალიციის ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის კოორდინატორი.

დამთავრებული აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, შემდგომ სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად გახლავთ პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის დოქტორანტი და დავების ალტერნატიული მოგვარების საერთაშორისო ცენტრის წევრი. მუშაობს კვლევაზე კონფლიქტის მოგვარების ალტერნატიულ მეთოდებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ამას გარდა არის სხვადასხვა პროექტის, სტატიის, კვლევის, ტრენინგის სახელმძღვანელოს ავტორი. კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი; პრემიის ”ახალგაზრდა ქალები-მშვიდობის მშენებლები კავკასიაში”ლაურეატი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები