ახალი ამბები
,,გამყოფი ხაზი" მეჯვრისხევსა და ღრომს შორის ვერ გაავლეს
ცხინვალის რაიონის სოფელ ღრომში მეჯვრისხევიდან 15 ადამიანი ქელეხში წავიდა. ამისათვის მათ რუსული საგუშაგო გაიარეს.

ღრომელების დახმარებით რუსმა სამხედროებმა მეჯვრისხეველები სოფელში შეუშვეს, ოღონდ დღის გარკვეულ მონაკვეთზე მეჯვრისხეველებს ღრომი უნდა დაეტოვებინათ.

ქელეხში ორი სოფლის მოსახლეობა ერთმანეთს შეხვდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ეს იყო საკმაოდ ემოციური შეხვედრა.

,,შევიკრიბეთ სოფელში ხალხი და ვთქვით, რომ იქ ისეთი ადამიანი გარდაიცვალა, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით. ეს მოხდა ორი კვირის წინ. რომ დაგვინახეს ამდენი ხალხი მისული, ძალიან ემოციური შეხვედრა მოგვიწყეს. განსაკუთრებით, პატივსაცემი იყო ჭირისუფლებისთვის. " - იხსენებენ მეჯვრისხევში.

მეჯვრისხეველები ამბობენ, რომ სოფელში ყოფნისას არც ერთ მათგანს ომი არ გახსენებიათ. ,,საერთოდ არ გვიხსენებია ომი, არ გაგვიხსენებია ის საშინელები, რაც ომის დროს მოხდა."

ნუგზარ ღაძაძე ამბობს, რომ ერთმა ღრომელმა კაცმა მეჯვრისხელების სანახავად, ლარსის საგუშაგო სპეციალურად გაიარა: ,,წამოვიდა ეს კაცი ვლადიკავკაზიდან მოურა, ლარსზე შემოვიდა, მოვიდა სოფელში, ბირჟაზე ხალხი ნახა, ყველა მოიკითხა და წავიდა და ისევ დაბრუნდა ღრომში" - ამბობს ნუგზარ ღაძაძე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეს ორი სოფელი ერთმანეთს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით დაშორდა.მავთულხლართები ჯერ არ დაუმონტაჟებიათ.

ადგილობრივი მკვიდრი იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მეჯვრისხევის შესასვლელში ღრომელები ჩადგნენ და მოროდიორები არ შეუშვეს სოფელში. მეჯვრისხევში საცხოვრებელი სახლები დაწვას გადარჩა.

,,ამიტომაც გვიყვარან ღრომელები" - ამბობს თამარ თოდაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები